Zvigena's Blog

Georgian Sport

Posts Tagged ‘FC Dila Gori

ეს არის სუპერთასი?!

leave a comment »

zestafoni-dila 2013    სეზონი სუპერთასის შეხვედრით განახლდა, სადაც დილა და ზესტაფონი ვაკეში, მიხეილ მესხზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

    ტრიბუნაზე 6–7 ათასამდე კაცმა მოიყარა თავი და ფრიად უინტერესო შეხვედრაც იხილა. მთელი 120 წუთის მანძილზე გუნდებმა ერთი–ორი სახიფათო დარტყმა თუ გაცვალეს და ეგ იყო და ეგ. ასეთი ფეხბურთით კი ტრიბუნაზე მაყურებელს ნაკლებ მოიზიდავ – თავადაც კი, ასეთი “სანახაობის” შემყურემ, ლამის შუა შეხვედრიდან წასვლა გადავწყიტე.

    მატჩმა ასე ბრძოლაში, მომენტების გარეშე ჩაიარა. პენალტების სერიაში კი ზესტაფონმა 4–2 იმარჯვა. დილას მხრივ ჯერ კვირკველიამ ააცილა ბურთი კარს, ხოლო შემდეგ ლეონარდოს აუღო კვასხვაძემ. თავის მხრივ ზესტაფონელებმა ყველა დარტყმა ზუსტად შეასრულეს და თასსაც დაეუფლენ.

    რახან შეხვედრაზე დიდი არაფერია მოსაყოლი, ორიოდე სიტყვით თავად გუნდებში ზამთრის შესვენებისას მომხდარ ცვლილებებზე ვიტყვი.

    დილათი დავიწყოთ:

    გუნდი ერთბაშად ათზე მეტმა ფეხბურთელმა დატოვა – ეს ის შემადგენლობა აღარაა, რომელიც ევროპის ლიგაში ჯგუფურ ეტაპის საგზურისთვის იბრძოდა.

    ახალბედებისგან კი დაცვის ცენტრში ქუთაისიდან გადმობარგებული კვახაძე იდგა, ხოლო ნახევარდაცვაში აქამდე მეტალურგში მობურთალი ირაკლი მაისურაძე თამაშობდა.

    ზესტაფონში კი სანტანდერის რასინგის ყოფილ ფეხბურთელის ორიოლის დებიუტს გამოვარჩევდი, ვინც საიმედოდ ითამაშა დაცვაში. საყრდენ ნახევარმცველად ბულგარელი პეტკოვი იყო, საკმაოდ ხისტად მოთამაშე მეტოქეს არ ახარებდა. მაგრამ აი პასების დარიგებისას საკმაოდ ცოდავდა. ხოლო ცენტრფორვარდად ზუგდიდურ გუნდიდან გადმობირებული ლევან კუტალია იდგა.

    კიდევ ერთ ახალბედას, აქამდე ესპანურ სარაგოსას დუბლებში მოთამაშე ალჟირელ მუჰამედ რეკრუკს, თამაშის საშუალება არ მისცემია.

Advertisements

Written by zvigena

თებერვალი 25, 2013 at 23:17

აგვისტო და ევროსეზონი

leave a comment »

    ზესტაფონი – ეს გუნდი დღეს დღეისობით ყველაზე გამართული კლუბია საქართველოს მაშტაბით და შესაბამისად მისგან მეტს ველოდით, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის პირველსავე ეტაპზე გამოთიშვას – არადა სულ მცირე ნეფჩის გავლა ევროპის ლიგის დასკვნით ეტაპზე (ჯგუფურამდე ეს ეტაპი უკვე ძირითად ტურნირად ითვლება) თამაშის გარანტიას იძლეოდა.

    მაგრამ პირველ შეხვედრაში დაცვის საშინელმა თამაშმა გუნდს ბაქოური ბარიერის გადალახვის შანსი მოუსპო. მართალია მეორე შეხვედრის პირველსავე ოც წუთში 2–0 წავიყვანეთ ანგარიში და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ შეიძლებოდა ამ ეტაპის გადალახვა, მაგრამ ძაან მალე დაცვა ისევ ჩავარდა და სულ სამი კაცით შეტევაზე გადასულ ბაქოელებს გოლის გატანის საშუალება მიეცა. მერე მეორეც გაგვიტანეს და გაჩენილი იმედი მალევე ჩაიფუშა და გაქრა.

    მეტალურგი – ამ გუნდმა პირველ ეტაპზე სასიამოვნოდ გაგვაკვირვა და ალბანურ ტეუტას ჯამში 9–1 მოუგო, ფეხბურთიც ლაღი და თვალსასეირო აჩვენა.

    შემდეგი მეტოქე კი ბევრად ძლიერი ვიქტორია პლზენი იყო, თან გუნდის ორი ლიდერი კვარაცხელია და თექთურმანიძე დინამოსგან არენდით ყავდათ და ამ ეტაპის წინ თბილისელებმა მათი უკან დაბრუნება მოინდომეს და რუსთავული კლუბი ამით გვარიანად დაასუსტეს. კი თქვა კობა ჟორჟიკაშვილმა, არ მგონია ამ ორი ფეხბურთელის წასვლა გადამწყვეტი მნიშვნელობა ეთამაშაო, მაგრამ პირადად ვფიქრობ რომ სწორედაც რომ დაცვას კვარაცხელია, ხოლო შეტევას თექთურმანიძე საგრძნობლად დააკლდა.

    იქნებ გამოცდილი გივის ყოფნით მეტალურგის დაცვას ასე დაბნეულად არ ეთამაშა, ხოლო ტექნიკურ და სწრაფ თექთურმანიძეს ის სიმწვავე შეეძინა რუსთაველებისთვის, რაც შეტევაში მეტ ფხიან თამაშს გამოიწვევდა და ბრძოლის ხარჯზე 1–3 აღარ წაგვეგო სახლში.

    გასვლაზე 2–0 დავმარცხდით და რუსთაველებიც დაემშვიდობნენ ევროთასს. მინდა პლზენის სიძლიერე ავღნიშნო – მათ შემდეგ ეტაპზე პოლონური რუხი 7–0 დაიფრინეს ჯამში.

    ტორპედო – გუნდი აშკარად არ იყო ევროთასებისთვის მზად. გეგუჩაძემ აღებულ ვექტორს არც ევროსაგზურის მოპოვების გამო გადაუხვია – ერთბაშად ძლიერი ფეხბურთელების ყიდვას მოერიდა და ფონს გასვლა არსებული რესურსის ხარჯზე ცადა.

    აქტობეს, როგორც ყაზახურ გუნდს, ბევრი აგდებით უყურებდა – არადა ამ გუნდმა სინამდვილეში საკმაოდ დალაგებული ფეხბურთი აჩვენა, ჩვენს მერე მოლდოვური მილსამიც გამოთიშა და ბელგიურ გენკს კი ტოლ–სწორად ეთამაშა.

    ქუთათურებმა კი აქტობესთან მარცხის შემდეგ გუნდიდან 3–4 ვეტერანიც გაუშვა, რამოდენიმე ახალგაზრდა დაიმატა და მომავალის პერსპექტივაზე გათვლილი გუნდის შენება განაგრძო. გიამ იცის თავის საქმე და დარწმუნებული ვარ მალე ეს წლევანდელი მარცხი მცირე მაშტაბის წარმატებით მაინც ჩანაცვლდება.

    დილა – გაამართლა გორულ გუნდში ჩადებულმა ინვესტიციამ. ამ გუნდმა ჯერ საკმაოდ ძლიერი დანიური ორჰუსი დაიფრინა, თანაც ორივე შეხვედრას რომ აგებდა და საბოლოოდ 2–1, 3–1 ორთავეში იმარჯვა.

    დასაფასებელი გორელების ბრძოლის უნარიანობა – ძირითადის უმრავლეს ფეხბურთელს ხომ ნაკრებში თამაშის გამოცდილება უმაგრებს ზურგს და ეს გამოცდილება ხშირად გადამწყვეტი ფაქტორი ხდება.

    შემდეგი მეტოქე სახელიანი ანართოსისი იყო და თავიდან აქაც ყველაფერი ცუდად დაიწყო, როცა თბილისში ჯერ გოგუა გაგვიძევეს და ამას გაშვებული გოლიც მოყვა. გორელებმა ამის მერეღა შეძლეს ხიფათის შექმნა როცა ორჯერ გურულს მართებდა გატანა.

    საპასუხო შეხვედრაში კი პირველი ტაიმი არაფერ კარგს არ მოასწავებდა – მომენტიც არ შეგვიქმნია. აი მეორეში კი სულ სხვა დილა ვიხილეთ – ერთი სახიფათო მომენტი, მერე ხარიხას გარტყმული ბურთი და ბოლოს კი მიჯრით სამი მშვენიერი გატანილი გოლი (სიმართლე უნდა ითქვას – აქედან პირველი ოფსაიდიდან იყო). ამ ყველაფერმა მეტოქის გულშემატკივარი გააღიზიანა და მატჩი არეულობის გამო შეწყდა. გორელებს სავარაუდოდ ტექნიკური მოგება ჩაეთვლებათ. დღეს კი მათ მომავალ მეტოქის ვინაობას გავიგებთ.

    მოკლედ ეს ერთი კლუბი შეგვრჩა ევროსარბიელზე. შარშან ამ ეტაპზე ორი გუნდი გვყავდა და ვერცერთმა ვერ შეძლო ჯგუფში შეღწევა. იქნებ წელს გორელება შეძლონ ის, რაც შარშან დინამომ და ზესტაფონმა ვერ მოახერხეს.

Written by zvigena

აგვისტო 10, 2012 at 12:38