Zvigena's Blog

Georgian Sport

შემდეგ ეტაპზე მინუს ერთი გუნდით

leave a comment »

აქტობე–ტორპედო 1:0

    განმეორებით შეხვედრაში კარგად გამოჩნდა, რომ ამ ეტაპზე აქტობე ტორპედოზე გაცილებით კარგი გუნდია – ყაზახები მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდნენ, უამრავი საგოლე მომენტი შექმნეს და ერთ გოლზე მეტი რომ ვერ გაიტანეს, ეს ცალსახად მეკარე მიგინეიშვილის დამსახურებაა, ვინც ათობით ძნელი ბურთი მოიგერია.

    ცუდი სანახავი იყო ასე უსუსურად მოთამაშე ქართული გუნდი. ყაზახების შემტევი ბიკმაევი სისხლს უშრობდა ჩვენს დაცვას და ლამაზი გატანილი გოლის გარდა, მრავალი სხვა ხიფათიც შექმნა ჩვენს კარებთან.

    იმედია ეს შეხვედრა კარგ გაკვეთილად გამოადგებათ ქუთაისლებს და ცოტა გუნდის გაძლიერებაზეც იზრუნებენ – გამოჩნდა, რომ ამ რესურსით ევროპულ საშუალოზე დაბალი დონის გუნდებთანაც კი ძალიან გვიჭირს თამაში.

მეტალურგი–ტეუტა 6:1

    საპირისპირო სიტუაცია იყო მეტალურგის შემთხვევაში. ტეუტა რომ ვერაფერი გუნდია, ეს გუშინდელ მატჩში კარგად გამოჩნდა, თუმცა ამის ფონზეც რუსთაველთა ლაღი თამაში და დიდი ანგარიშით გამარჯვება მაინც ძალიან სასიამოვნოა.

    გუნდი ბოლო წლებია ძველებური სიხშირით აღარ იცვლის კონტინგენტს, ბირთვი როგორც იქნა ჩამოყალიბდა და მწვრთნელიც რიგიანი ყავთ. ეს ყველაფერი კი, რათქმაუნდა, წარმატების წინაპირობა ხდება.

    აღსანიშნავია თექთურმანიძე, რომელმაც ორი ერთმანეთზე ლამაზი გოლი გაიტანა, რასაც ტატანაშვილის დუბლი, გეწაძე–მიქაბერიძის თითო–თითო გატანილი ბურთი მოყვა და ანაგარიშიც გამანადგურებელი დაფიქსირდა.

    მთლიანად რუსთაველები აზრიან, ლაღ კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობდნენ, რაც საცქერად ძაან სასიამოვნო იყო. ამ ყველაფერს მესხზე არსებული კარგი მოედანიც უწყობდა ხელს (საქართველოში კი ვართ მსგავს რამეს მონატრებული, ბოლო წელი თუა, ამ მხრივ სიტუაცია რომ გაუმჯობესდა).

    საინტერესოა დინამოს ხელმძღვანელობა რას ფიქრობს, როცა მათ მიერ წინა სეზონში დაწუნებული თექთურმანიძე–ტატანაშვილი–კვარაცხელიას ტრიოს შესცქერის. ეს სამეული ნებისმიერ ქართული მაშტაბით ძლიერ გუნდს დაამშვენებდა.

    ტატანამ ორი გოლი ხომ გაიტანა, არც გონივრულ პასებს აკლებდა და დაბრძენებული ფორვარდივით, როცა მომენტი იყო, მიუხედავად იმის რომ გუნდი ასე იგებდა, არ ცდილობდა ბურთი ეთრია და სადაც საჭირო იყო, პარტნიორს პასს არ უგვიანებდა.

    საინტერესოა ბევრად ძლიერ პლზენთან ეს კონტინგენტი თავს როგორ წარმოაჩენს.

    წარმატებები!

Advertisements

Written by zvigena

ივლისი 13, 2012 at 13:23

ევროსეზონი 2012–13

leave a comment »

    გასულ ხუთშაბათს სტარტი ევროპის ლიგის გათამაშებამ აიღო და ჩვენი კლუბებიც პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთნენ ტურნირში. ქუთაისის ტორპედო ყაზახურ აქტობეს დაუპირისპირდა, ხოლო რუსთავის მეტალურგი ალბანურ ტეუტას.

    ევროსარბიელის მატჩს ქუთაისი ბოლო შვიდი წლის მანძილზე პირველად მასპინძლობდა და მოლოდინიც დიდი იყო. თავადაც არ დავიზარე და თბილისიდან ქუთაისს ვესტუმრე.

    ბილეთის ფასი სულ რაღაც 3–დან 7 ლარამდე მერყეობდა, მაგრამ არ იყო დანომრილი. სტადიონზე ერთი საათით ადრე მისულებს ტრიბუნაზე ხალხი კანტიკუნტად დაგხვდა, მაგრამ დაუნომრავი ბილეთის გადამკიდე დასაჯდომად მაინც გაგვიჭირდა ნორმალური ადგილის შერჩევა. მერეც ბევრი გაუგებრობა მოხდა – დაგვიანებით მოსული ხალხი თავის კუთვნილ ადგილს ითხოვდა, რომელიც, რათქმაუნდა, შედარებით იაფფასიანი ბილეთის პატრონებს უკვე დიდი ხნის წინ შეევსოთ.

    შეხვედრა დაიწყო და მალევე გამოჩნდა ქუთათურებს დიდი ჯაფა დაადგებოდათ. აქტობე კარგად აგორებდა ბურთს და საწყისს წუთებში უპირატესობას დაეუფლა კიდეც.

    მატჩს წვრილად არ ავღწერ, ვისაც სურდა კი იხილა ტელევიზიით, ან საგაზეთო მიმოხილვას წაიკითხავდა. მოკლედ კი ვიტყვი, რომ შეხვედრამ მოლოდინი ვერ გაამართლა – მოჩვენებით უპირატესობას, რომელსაც ნელ ნელა ქუთაისელები დაეუფლენ, მხოლოდ ერთი გატანილი გოლი მოყვა. საპასუხოდ კი დაცვა ხშირად უხეშად ცდებოდა. ბოლოს სტუმრებმა აღარც გვაპატიეს და საპასუხო გოლი გაგვიტანეს, რითაც ჩვენთვის საკმაოდ არასასურველი ანგარიში 1:1 დააფიქსირეს.

    მაყურებელი გუნდით უკმაყოფილო იყო, განსაკუთრებით დოლიძის არეული თამაში აღიზიანებდათ და ასევე ტლანქად მობურთალი გოცირიძე. მეორე ტაიმში ვალერი ბოლქვაძის შემოსვლამ შეხვედრა ცოტა კი გამოაცოცხლა, მაგრამ ეს ცდა, რამე შეცვლილიყო შეხვედრის ხასიათში, ცოტა დაგვიანებული აღმოჩნდა.

    ძნელია, განმეორებით შეხვედრაში ქუთათურთა წარმატება ივარაუდოს კაცმა – გუნდი სეზონს ახლა იწყებს და აშკარად ფორმაში არაა. საპირისპიროდ ყაზახეთში შუა გახურებული სეზონია და მართალია არც აქტობე წყვიტავს ციდან ვარსკვლავებს, მაგრამ გუნდი აშკარად ჩვენებზე უფრო გააზრებულ და მოძრავ ფეხბურთს თამაშობს.

    ტორპედოსგან განსხვავებით რუსთაველებმა სასიამოვნოდ გაგვაკვირვეს და მართალია სუსტ ალბანელებთან, მაგრამ მაინც, გასვლაზე 3:0 მოიგეს და შემდეგ ეტაპზე ადგილიც დაიბევეს.

    განმეორებითი შეხვედრები 12 ივლისს გაიმართება. რუსთაველები საშინაო არენის ნაცვლად მიხელ მესხზე დაუხვდება მეტოქეს. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება. იმედია ქუთათურებიც გამოიჩენენ ცოტა მეტ ფხას – ეს ეტაპი რომ დაძლიონ, კიდევ უფრო სუსტი მოლდოვური მილსამი ელით და ამასობაში იქნებ ფორმაც აკრიფონ და ჩვენი საზომით წარმატებული გამოსვლით გაგვახარონ ახლად დაწყებულ ევროსარბიელზე.

ესეც წინა სამატჩო სიტუაციაზე მცირე ვიდეო კადრები

Written by zvigena

ივლისი 10, 2012 at 11:13

Georgia – Turkey 1:3

leave a comment »

    ნაკრებმა წელს მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და გვარიანად გადახალისებულ თურქეთთან 1–3 წააგო.

    პირველ ტაიმში ორი ბურთი გავუშვით, ორივე მცველების ცუდი თამაშის შედეგად. დაცვის ცენტრი და ფლანგზე მოთამაშე ლობჟანიძე აშკარად არ იდგა მოწოდების სიმაღლეზე. წინ კი ვერაფერი შევქმენით. კვლავ ეფექტის გარეშე ირჯებოდა ჩვენი ცენტრფორვარდი დვალიშვილი.

    ჩვენი ნაკრების შემხედვარე იყო შიში დიდი ანგარიშითაც წაგვეგო. მაგრამ საბედნიეროდ მეორე ტაიმში ცვლილებებმა შედეგი გამოიღო და გუნდმა გაცილებით კარგი თამაში აჩვენა.

    ლობჟანიძის თამაში აშკარად არ პასუხობს ნაკრების დონეს – მეორე ტაიმში მის ნაცვლად კაშია დადგა დაცვის მარჯვენა ფლანგზე, ხოლო საყრდენი პოზიციიდან დაცვის ცენტრში გადაინაცვლა ხიზანიშვილმა (სადაც ჩემი აზრით ბევრად პროდუქტიულია ეს კაცი), საყრდენად კი დაუშვილი გამოვიდა. ეფექტის გარეშე მებრძოლი დვალიშვილი მჭედლიძემ ჩაანაცვლა, ვინც გაამწვავა კიდეც შეტევაში თამაში.

    შედეგი მალევე ვნახეთ, როცა გელაშვილის პასი კანკავამ გონივრულად გაატარა და თარგამაძე ფაქტიურად მეკარეს შეატოვა, მანაც დაბალ კუთხეში გაიტანა და ანგარიში 1–2 გახადა. იქვე ანგარიშის გაქვითვის ძაან რეალური შანსი მოგვეცა – სტანდარტულიდან ამისულაშვილის დარტყმა მეკარემ ცუდად მოიგერია, დამატებაზე კი მჭედლიძემ ითამაშა, მაგრამ ძლიერი დარტყმული მეტოქის კიპერს სახეში მოხვდა და ბურთი კუთხურზე გადავარდა.

    შემდეგ ბურთზე კონტროლი ისევ თურქებმა იგდეს ხელთ და მსაჯის ცოტა არ იყოს საეჭვოდ დანიშნული პენალტის წყალობით სხვაობა ისევ ორ ბურთამდე გაზარდეს.

    შეხვედრის ბოლო საინტერესო მომენტი კი შეცვლაზე შემოსულმა ოქრიაშვილმა შექმნა, როცა საჯარიმოს გარედან ჰაერში აწეულ ბურთს ლაზათიანად ამოცხო და ლამაზი ტრაექტორიით კარისკენ გაგზავნა – თითქოს ბურთი ცხრიანში უნდა შეფრენილიყო და ულამაზეს გოლს წინ აღარაფერი ეღობებოდა, მაგრამ ასევე შეცვლაზე შემოსულ მეკარემ (მჭედლიძის დარტყმულის სახით მოგერიება, ძირითად კიპერს ნოკაუტად დაუჯდა) ლამაზი ნახტომით დიდებული სეივი გააკეთა.

    მეორე ტაიმით თუ ვიმსჯელებთ, გუნდი ნორმალურ ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ ასეთი თამაში მთელი 90 წუთის მანძილზეა საჭირო და არა ეპიზოდურად, თუ რამის მიღწევა გვსურს. აშკარად გამოჩნდა, რომ დღეს მჭედლიძე ჩვენი #1 ფორვარდია, იმედია მისი ტრამვიანობა წარსულს ჩაბარდა.

    პრობლემურია დაცვის მარჯვენა ფლანგი, ლობჟანიძე აშკარად არაა სათანადო კადრი. და კიდევ კითხვა – ნაკრები უკვე იაშვილი–კობიაშვილის გარეშე უნდა წარმოვიდგინოთ, თუ ჯერ კიდევ გააკეთებს ქეცბაია მათზე აქცენტს.

    უთამაშებლობის გამო ნაწყენი დარჩა ყენია, მისი ინტერვიუდან ისე ჩანდა, შეიძლება პრობლემა გახდეს მისი შემორიგება. ასევე საკმაო რიცხვია ფეხბურთელების, ვინც ქეცბაიამ უკვე მოიმდურა. ეს ყველაფერი კი საკმაოდ დიდ პრობლემად დაგროვდა და გამოსავლის პოვნაა საჭირო.

    წინ კი მხოლოდ ლუქსემბურგთან დარჩენილი ერთი ამხანაგური მატჩია და მერე მძვინვარე მეტოქეებთან ჭიდილი ესპანეთ–საფრანგეთის სახით. არის კი დრო და რესურსი იმისთვის, რომ ნაკრები ღირსეულად დაუხვდეს ასეთ მეტოქეებს?! დღეს როგორც მოჩანს, ამის იმედი ნაკლებად უნდა გვქონდეს ქომაგს.

Written by zvigena

მაისი 26, 2012 at 14:26

Georgia – Netherlands 0:2 (U17 Championship)

leave a comment »

    ნახევარფინალის დროც მოვიდა. მეტოქედ ჰოლანდიის ძლიერი ნაკრები გვყავდა. მატჩის საწყისი წუთებმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და ფინალის საგზურისთვის ბრძოლა მართლაც რომ მიუღწეველ მიზნად არ მოჩანდა.

    მაგრამ დადგა მე–15 წუთი, როცა მსაჯმა თავის მოქმედებით აშკარად გაგვწირა. ჭანტურიამ მეტოქის სიჩქარეაკრეფილ ფეხბურთელს ფეხი დაუდო – ჰოლანდიელი არ წაქცეულა, კარში მაინც დაარტყა, მაგრამ მსაჯმა მცველის ეს მოქმედება ჯარიმად შეაფასა, თან მცველიც გააყვითლა.

    რეფერიმ ჭანტურიას იქვე მეორე ყვითელი ბარათიც უჩვენა და მოედნიდან გააგდო, როცა ჰოლანდიელიები აღნიშნულ ჯარიმას ასრულებდნენ და ნიკამ დროზე ადრე დაარღვია დასაცავი დისტანცია – ასეთ მომენტში ხშირად მხოლოდ სიტყვიერად აფრთხილებენ ფეხბურთელს (თან იმასაც ითვალიწინებენ თუ კაცს უკვე აქვს ყვითელი მიღებული) და უბრალოდ ჯარიმას ხელმეორედ არტყმევინებენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი შეხვედრის არბიტრმა ზედმეტი პრინციპულობა გამოიჩინა და თითქმის მთელი მატჩი კაცნაკლული დაგვტოვა.

    მოგვიწია უკან ჩაჯდომა, მაგრამ ეს არ იყო ყრუ დაცვა, როცა გუნდი მხოლოდ მეტოქის შეტევის მოგერიებაზეა – როგორც კი ბურთს მოვიხელთებდით, გასატანად წინ ვცდილობდით წასვლას. მაგრამ მინუს ერთი კაცით ყოფნა ჩვენს შეტევას თავის დაღს ასვამდა და შეხვედრის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ თუ დავარტყით ჰოლანდიელთა კარის მიმართულებით. პირველ ტაიმში არც ჩვენ კართან შექმნილა რაიმე სახიფათო.

    მეტოქემ საქმეს ხელი მეორე ტაიმში მოკიდა, ნელნელა სულ უფრო დაცხა ჩვენს საჯარიმოში. ერთხელ ადამიამ გვიხსნა – ერთი–ერთზე გასულ ჰოლანდიელს ფეხით კარგად აუღო, ერთხელაც ხარიხამ. კიდევ იყო რამოდენიმე ნახევარმომენტი.

    მიუხედავად ყოველივე ამისა, ამასობაში დრო იწურებოდა და მატჩის შემდგომ თერთმეტმეტრიანების დანიშვნის მოლოდინში იყო ყველა, სადაც კაცმა არ იცის რომელი გუნდი უფრო ივარგებდა.

    თუმცა ჰოლანდიელებმა ბოლოსკენ იგრძნეს, რომ მეორე სართულზე ბრძოლაში საკმაოდ გვიჭირდა, ჩვენი ერთადერთი ტანმაღალი მცველი დვალიც სამწუხაროდ ამ შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო არ იყო, მეტოქემ საჯარიმოში ჩაწოდებებს მიყო ხელი. ბურთს რის ვაივაგლახით ვიგერიებდით.

    დადგა საბედისწერო მატჩის ბოლოსწინა წუთი და ჰოლანდილებმა გაიხარეს – მორიგ ჩაწოდებისას მეორე სართულზე მეტოქემ კვლავ გვაჯობა და რბილი თავურით გოლი გაგვიტანა. იქვე მთელი ჩვენი გუნდი მატჩის გადასარჩენად წინ წავიდა და კონტრიერიშზე მეორეც გაგვიტანეს. ასე დასრულდა ქართული ოცნება ფინალზე. უეფას ვებგვერდმა კი ასეთი სათაურით გამოაქვეყნეს სტატია: the Netherlands beat a brave ten-man Georgia team 2-0.

    მართლაც რომ მთელი ტურნირი ჩვენი ნაკრები ვაჟკაცურად იბრძოდა და არაფერს არ უთმობდა ბევრად უფრო დალაგებულ–დაწყობილ ქვეყნის შვილებს (აფრიკული წარმომავლობის ჯანიანი ბიჭებით გაჯერებულებს). მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის! ასეთი გუნდის თამაშის შემხედვარე ჩვენი გული ხარობდა და სიამაყით ივსებოდა.

    ადამიანურად შეგეცოდებოდა ტრიბუნაზე მჯდომი ჭანტურია – თვალები ცრემლით რომ ქონდა ავსებული, გულში ალბათ თავის თავს აბრალებდა გუნდის წარუმატებლობას – არადა მსაჯს რომ ასე მკაცრად არ განესაჯა ჯერაც ყმაწვილი ბიჭი, რაიცი იქნებ სულ სხვა ხასიათის სტატია დამეწერა ახლა.

Written by zvigena

მაისი 14, 2012 at 16:00

Georgia – Iceland 1:0 (U17 Championship)

leave a comment »

    როგორ ჟღერს?! – საქართველოს ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა! ჯგუფში ბოლო შეხვედრა გავმართეთ და მეტოქე ისლანდია აშკარად დავჯაბნეთ. იქით გერმანელებმა ჩვენი საქმე გააკეთეს, ფრანგებს 3–0 მოუგეს და აი ესეც, აქამდე არნახული წარმატება – საქართველოს ნაკრები ევროპულ ოთხ საუკეთესო ნაკრებთა შორის მოხვდა.

    შეხვედრა ჩვენებურების უპირატესობით დაიწყო და შეხვედრის განმავლობაში რამოდენიმე გასატანი მომენტი შევქმენით. ჯერ მზევაშვილის კარგი თამაში იყო – მეტოქის მცველს დაუსხლტდა და შორეულ კუთხეში დაარტყა – ბურთი კარს მცირედით აცდა. შემდეგ საქმეს ხელი პაპუნაშვილმა მოკიდა და ისლანდიელთა კარი შორეული დარტყმებით დაბომბა.

    მისი პირველი ცდა მეტოქის კარის ცხრიანს მცირედით აცდა, მეორე ცდაზე ბურთს ისლანდიელი მცველი გადაეფარა და ლამის გასასვენებელი შეიქმნა, შემდეგი დარტყმა კი მეკარემ გაჭირვებით მოიგერია. ასეთი დაყენებული დარტყმა ალბათ ბევრ ჩამოყალიბებულ ფეხბურთელს არ აქვს.

    ტაიმის მიწურულს კი ისევ მზევაშვილმა გაიწია გასატანად – საჯარიმოში მახვილი კუთხიდან შევიდა, კარგადაც დაარტყა, მაგრამ ისლანდიელი მეკარე ისევ მოწოდების სიმაღლეზე იდგა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

    ყოველივე ამის საპასუხოდ მეტოქემ მხოლოდ ერთხელ შეგვაწუხა, როცა შორიდან საკმაოდ უხერხულად დაურტყეს ჩვენ მეკარე ადამიას. მან კი მოიგერია ბურთი, მაგრამ ასხლეტილზე დიდი იყო შანსი მეტოქეს დაემატებინა, მოკლედ გადავრჩით.

    მეორე ტაიმი თითქმის ანალოგიური სცენარით წარიმართა. ჩვენები უპირატესობას ფლობდნენ, გოლის გატანას კი ძირითადად შორეული დარტყმებით ვცდილობდით. კიდევ ერთხელ გაისროლა პაპუნაშვილმა, ლამაზ შორეულ დარტყმულს მეტოქის მეკარე ასევე ლამაზ ნახტომში გადაეღობა.

    ისლანდია ამის საპასუხოდ ყველა ჯარიმიდან ბურთს საჯარიმოში კიდებდა და ასე მეორე სართულზე ცდილობდა უპირატესობის მოპოვებას. ჩვენს კარის მახლობლად მოწოდებულ აუტსაც ანალოგიურად საჯარიმოში აგდებდნენ და იქ შექმნილი არეულობის იმედად იყვნენ მერე.

    ამასობაში კი გერმანია–საფრანგეთის თამაში სასურველი ანგარიშით მიმდინარეობდა და ჯგუფიდან გასვლას მხოლოდ ერთი გატანილი გოლი გვაშორებდა. არადა შეხვედრა უკვე ნელნელა დასასრულისკენ მიდიოდა.

    დადგა 73–ე წუთი – ბურთი ფლანგზე კარგად გავითამაშეთ, ახვლედიანმა ეფეკტურად ქუსლით ითამაშა. მერე სამხარაძემ დაბალი ჩაკიდა, მეტოქის მცველი მას აცდა, დარციმელიამ კი კარგი რეაქცია გამოავლინა და უხერხულ ბურთს მეტოქის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. ეს გამარჯვება იყო და მთელი გუნდი სიხარულისგან ჭკუაზე გადავიდა!

    ლამის იქვე დავისაჯეთ, როცა ქართველი მცველები მაღალ ბურთს არ მიყვნენ, მეკარემაც საპასუხოდ კარი დროზე არ დატოვა და ასე მეტოქის თავდამსხმელი ბურთთან მარტოდ მივატოვეთ. კიდევ ხომ მახვილი კუთხე იყო და ბოლო წამს ისევ მეკარემ ივარგა და დარტყმული კუთხურზე მოიგერია..

    ამ უსიამოვნო წამებმა გადაიარა, მერე მსაჯმაც მალე ჩასტვინა და წინ ნახევარფინალია!!! წარმოგიდგენიათ რამხელა წარმატებაა?! უნდა გამოვარჩიოთ აბურჯანიას კარგი, დალაგებული თამაში – მოედნის სიღრმიდან პასებს კარგად ანაწილებდა. პაპუნაშვილი – რომელიც შანს არ უშვებდა ხელიდან და სახიფათო დარტყმებით ისლანდიელ მეკარეს სისხლს უშრობდა და რათქმაუნდა დარციმელია, ვინც ასე საჭირო გოლი გაიტანა!

    წარმატებები და ასე მადამოსულებს უკვე ფინალიც არ გვეჩვენება მიუღწეველ მწვერვალად!

Written by zvigena

მაისი 10, 2012 at 23:54

Georgia – France 1:1 (U17 Championship)

leave a comment »

    ჩვენმა ახლაგაზრდა ფეხბუთელებმა მორიგი შეხვედრა გამართეს ევროპის ჩემპიონატზე და ფრანგებთან ჭიდილში საკმაოდ სასურველ ფრეს მიაღწიეს.

    შეხვედრა მეტოქის ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, მაგრამ პირველმა ტაიმმა ფაქტიურად მომენტების გარეშე ჩაიარა. ერთი ეგ არის მსაჯი ორჯერ შეცდა ოფსაიდის დაფიქსირებისას ჩვენს სასარგებლოდ.

    მსაჯმა კიდევ ერთი საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო ჩვენს სასარგებლოდ, როცა ჯიქია გაუძვრა მცველს და მანაც წააქცია. ჯარიმა იყო, მაგრამ დარღვევა საჯარიმოს გარეთ უფრო მოჩანდა – მსაჯმა კი თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა. ჭეჭელაშვილმა კარგად შეირგო საჩუქარი და პენალტი გოლად აქცია 1–0.

    დაიწყო მეორე ტაიმი და ქართველთა კართან დაცხა. ჩვენი მეკარე უშანსოდ იყო, როცა ფრანგმა ახლო მანძლიდან გაისროლა – საბედნიეროდ ბურთი ხარიხას მოხვდა.

    შემდეგ პაპუნაშვილმა ივარგა – შორიდან კარგად დაარტყა, ბურთი მიწაზე დავარდა და დიდი იყო შანსი მეკარეს ვეღარ გაეთვალა ბურთის ტრაექტორია – ფრანგთა კიპერმა მაინც მოახერხა და ურთულესი ბურთი კუთხურზე მოიგერია. ამის მეტი ჩვენ ვეღარც შევქმენით რაიმე სახეირო, ბურთიც და უპირატესობაც ფრანგებმა იგდეს.

    მათ ნაკუთხურალზე თავით გაგვიტანეს კიდეც, მაგრამ ამჯერად მსაჯმა სამართლიანად დააფიქსირა ოფსაიდი და გოლიც გაუქმდა. ფრანგებს კიდევ ჰქონდათ გასატანი მომენტები, მაგრამ ჩვენი მეკარე ყოჩაღობდა.

    მაგრამ 67–ე წუთზე მეტოქემ მაინც მოახერხა და შორეული დარტყმით ლამაზი გოლი გაგვიტანა 1–1. შეხვედრაც ასე მიიწურა.

    ჯგუფიდან გასვლის შანსი მაინც შევინარჩუნეთ – ამისთვის ჩვენ ისლანდიას უნდა მოვუგოთ და თავის მხრივ გერმანიამ ფრანგებთან არ წააგოს.

    მინდა საქებარი სიტვები არ დავიშურო ქართველი ბიჭების მისამართით – მათ ბრძოლის სურვილი და ჟინი არ დაეწუნებათ, გულიანად თამაშობენ და ობიექტურად ბევრად ძლიერ მეტოქეებთან შიშს და რიდს არ იჩენენ, რაც უდაოდ დასაფასებელია. იმედია ეს მონდომება სასურველ შედეგს მოგვიტანს ტურნირის ბოლო მატჩში.

Written by zvigena

მაისი 7, 2012 at 20:50

Georgia – England 1:0 (U17 Elite round)

leave a comment »

ვაკეში ჩვენმა ნაკრებმა მეორე შეხვედრა გამართეს ინგლისელ თანატოლებთან. ბრიტანელებს საკმაოდ კარგი გუნდი ყავთ და შეხვედრაში დომინირებდნენ კიდეც. ჩვენს გუნდს ელემენტარული მეტოქის მოედანზე გადასვლა უჭირდათ და მთელი ტაიმის მანძილზე მხოლოდ წილოსანის სუსტი დარყმა იყო, რაც ჩვენს შევძელით.

თავიდან არც ინგლისელებს ჰქონიათ ბევრი საგოლე მომენტი, სულ ორჯერ იყო რომ გატანა მართებდათ. ჯერ ბრიტებმა საჯარიმოში გრძელი პასით მოამარაგეს თავიანთი თავდამსხმელი, ვინაც მცველის შეცდომით ისარგებლა და ბურთს ერთი შეხებით გზავნიდა კარებში – ჩვენმა მეკარემ ივარგა. მერე კი უკვე ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი მიუვიდა ეულად მდგარ ინგლისელს, მაგრამ დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა.

დაიწყო მეორე ტაიმი და მეტოქის მცველების შეცდომით წილოსანი გავიდა ერთი ერთზე. გასატანი პოზიციიდან დარტყმული მეკარემ აიღო და არც დამატებაზე გაატანინა ჩვენებურს.

მერე ინგლისელები მოგვაწვნენ, თამაშის ტემპმა აიწია, ორთაბრძოლებმა იმატა. ყოველი კუთხური თუ ჩაწოდება საფრთხეს ქმნიდა ჩვენ კართან, ხან მეკარე ყოჩაღობდა, ხანაც მცველები. წინა მატჩივით კარგი იყო დვალი დაცვაში. ერთი მომენტში ინგლისელებს ასპროცენტიანი გასატანი ჰქონდათ, ისევ ადამიას (ჩვენი მეკარის) სასწაულმა რეაქციამ გვიხსნა.

ჩვენ თუ რამე შევქმენით, მეტოქის მცველების შეცდომის ხარჯზე იყო. შუა ტაიმში კიდევ ერთხელ ავაწაპნეთ ინგლისელებს ბურთი, მაგრამ საჯარიმოში შესულმა თავდასხმელმა სუსტად თუ გაკრა ბურთს ფეხი და მომენტი განიავდა.

გუნდი ისევ მალე დაიღალა, გაძლებაზე წავიდა თამაში. მაგრამ მოხდა მცირე სასწაული. დამატებული დროც იწურებოდა, საჯარიმოში ჩავკიდეთ. ბურთი მცველმა უყურადღებოდ აუტში მოიგერია. თამაში აუტიდან განვაახლეთ და ბურთი ელემენტარულ კედელით კარგად გავათამაშეთ, ჩვენებური დასარტყმელ პოზიციაზე დარჩა და 11–12 მეტრიდან გამარჯვების გოლიც შეაგდო!

სტადიონზე მისული შვიდ–ათასამდე გულშემატკივარი სიხარულისგან ლამის ჭკუიდან გადავიდა!! ამ დროს ესპანეთ–უკრაინამ 2:2 ითამაშა და ბოლო შეხვედრა თუ მოვიგეთ, პირველი ადგილს ვერავინ შეგვეცილება. წარმატებები!

Written by zvigena

მარტი 28, 2012 at 16:48

Posted in კატეგორიის გარეშე