Zvigena's Blog

Georgian Sport

Archive for the ‘პერსონები’ Category

ჯაბა დვალი

leave a comment »

    ჯაბამ კარიერა თბილისის დინამოში დაიწყო და ქართულ უმაღლეს ლიგაში 18 წლის ასაკში 2003/04 წლების სეზონში ჰქონდა დებიუტი. მან დინამოში რამოდენიმე სეზონი ითამაშა, პერიოდულად კი სხვადასხვა მეორეხარისხოვან ქართულ გუნდებშიც ანათხოვრებდნენ. ახალგაზრდა ფორვარდისთვის ადვილი არ იყო ქვეყნის რანგით პირველ კლუბში ფეხის მყარად მოკიდება.

    2007/08 სეზონში უცხოეთს მიაშურა, კერძოდ მოლდოვას, სადაც ორი სეზონი დაყო, რის შემდეგაც ისევ საქართველოში მობრუნდა – ოღონდ ამჯერად ილია კოკაიას ზესტაფონში, სადაც გელაშვილის მხარდამხარ მალე გადაიქცა გუნდის წამყვან დამრტყმელ ძალად.

    ჯაბა ჩემპიონატის შეხვედრების გარდა უფრო მაღალი რანგის ევროტურნირებზეც მუდმივად შედეგიან თამაშს აჩვენებდა. განსაკუთრებით კი 2011/12 სეზონში იყოჩაღა, როცა 20 გატანილი ბურთით ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლე გახდა. გულშემატკივარი ნელნელა მის ნაკრებში მიწვევაზე ალაპარაკდა.

    ნაკრების თავკაცი კი მის ამ შედეგიან თამაშს იგნორირებას უწევდა. არადა იმის ფონზე, რომ ნაკრებში სწორედ გამტანი ფორვარდის მწარე დეფიციტია არველაძის წასვლის შემდეგ.

    ამასობაში კი ჯაბა ჩვენი ჩემპიონატისთვის აშკარად გადაიზრდა. ასეთი დონის ფორვარდი ბევრ უფრო ძლიერ პირველობის კლუბსაც დაამშვენებდა და ნელნელა აშკარა ხდებოდა ის ფაქტი, რომ კოკაიას ძლიერ გაუჭირდებოდა მისი შენარჩუნება.

    მის ზესტაფონიდან წასვლას მორიგ ევროსეზონის პირველსავე ეტაპზე ნეფჩთან მწარე წაგებამაც შეუწყო ხელი და მალევე დაირხა ხმები, დვალი ალბათ აზერბაიჯანში წავაო.

    ამ ინფორმაციის წაკითხვამ გული საშინლად დამწყვიტა – არ მემეტებოდა ჩვენი ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლე (და იქნებ მოთამაშეც?!) აზერბაიჯანულ ლიგისთვის. ბოლო ბოლო დვალი სწორედ ის იშვიათი ფეხბურთელია, ვისი თამაშის ხილვისთვისაც ჩვენ ჩემპიონატზე დასწრება ღირს.

    და ბევრი ქართველი გულშემატკივრის გასახარად მან არჩევანი, აზერბაიჯანში წასვლის ნაცვლად, თბილისის დინამოს სასიკეთოდ გააკეთა და მრავალი წლის შემდეგ თავის მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა (არადა მეზობლებში სავარაუდოდ გაცილებით მსუყე ხელფასს შეპირდებოდნენ).

    გარდა კარგი ფეხბურთელობის, არ შეიძლება არ აღინიშნოს მისი პიროვნული თვისებები, გამართული მსჯელობა და საქმისადმი სწორი მიდგომა. მან ერთ–ერთ ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა მიზეზებზე, თუ რატომ არჩია საქართველოში დარჩენა, თუ როგორ მნიშვნელოვანია მისთვის სწორედ რომ ქართული გუნდის შემადგენლობაში მიაღწიოს წარმატებას ევროსარბიელზე.

    ბევრი მის ადგილზე გაღიზიანებული ისაუბრებდა ნაკრების თემაზე – მაგრამ ჯაბა აქაც გონიერებას იჩენს და როგორც კარგი დიპლომატი გაწონასწორებულ განცხადებას აკეთებს – გულით მინდა გამომიძახონ, მაგრამ ალბათ თავად ვაკლებ რაღაცას და ვეცდები უფრო მეტი ვიშრომო, რომ ნაკრებში დამიძახონო.

    მოედანზე კი, გარდა იმის რომ გოლის გატანის საოცარი ალღო აქვს, არ არის მხოლოდ კარზე დაგეშილი ეგოისტი ფორვარდი – ხშირად შეუძლია კარგი ასისტენტობაც გაწიოს და პარტნიორსაც გაატანინოს. ასეთი მოთამაშეს კი უბრალოდ ფასი არ აქვს – როცა კაცი გუნდურადაც თამაშობს და საჭირო მომენტში საჭირო გოლებსაც იტანს.

    უკვე აღარანაირი ახსნა არ ქონდა ქეცბაიას ქცევას, როცა აგერ კარს მომდგარ ეგვიპტესთან გასამართ ამხანაგურ მატჩზეც არ უხმო დვალს. კაცი ჩემპიონატში მოედნიდან გოლის გატანის გარეშე არ გამოდის, 11 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და ნუთუ ამხანაგურშიც არ იმსახურებდა შანსის მიცემას?

    ქეცბაიამ ინტერვიუში გადაკვრით თქვა – არანაირი ჯინი არ მჭირს ამ კაცის, ასე ვთვლი სწორად და ასე ვიქცევიო.

    მერე კი ზოგი ჭირი მარგებელიაო და ეგვიპტესთან ტრამვის და სხვა მრავალი მიზეზით იმდენი კაცის თამაში გამოირიცხა, რომ დანაკარგის შევსებისას უკვე ვეღარ გაუწია დვალს იგნორირება და ბევრი გულშემატკივრის გასახარად ჯაბას ნაკრებში თამაშის შანსი მიეცა!

    მისი საქმისადმი სწორი მიდგომა, ჟინი და ნიჭი კი უდაოდ მაძლევს იმის იმედს, რომ ქვეყნის მთავარ გუნდშიც არ შეირცხვენს თავს და უახლესი მომავლის ნაკრებისთვის სასარგებლო ფორვარდად იქცევა!

    წარმატებები

Written by zvigena

ნოემბერი 14, 2012 at 00:25

Posted in პერსონები

Tagged with

გია გეგუჩაძე

leave a comment »

    გია გეგუჩაძე – ეს ის იშვიათი ქართველი მწვრთნელია, რომლის მუშაობა სანახაობრივ ფეხბურთთან, პროგრესთან და რაც მთავარია, ჯამში დადებით შედეგთან ასოცირდება.

    მრავალი წელია აქტიურად ვადევნებ თვალს ქართულ ფეხბურთს და ჩემი სუბიექტური აზრით გია ბოლო პერიოდის საუკეთესო ქართველი სპეციალისტია. ვეცდები აზრები შევკრა ამ პიროვნების შესახებ. თავიდან მივყვეთ, თუ რა როგორ იყო. ცოტას ხალხის დამოკიდებულებაზეც ვიტყვი.

    2004 წელი იყო, გია დინამოს მთავარ მწვრთნელად რომ მოვიდა, იმ დინამოსი, რომელსაც ქართული საზომით საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა თავმოყრილი. სულ თვეების წინ კი შუშაკის ხელმძღვანელობით “დსთ”–ს თასი ჰქონდათ მოგებული, რაც მცირე საქმე არაა.

    პირველი, რაც თვალში მომხვდა, ეს საკადრო წმენდა იყო – ისეთი ხალხი დაითხოვა გუნდიდან, ვინც მაშინდელი დინამოს ლიდერებად ითვლებოდნენ: ბურდული, დარასელია, გოგობერიშვილი – ეს ის მცირე ჩამონათვალია, ვისი ადგილიც გუნდში აღარ მოიძებნა.

    სანაცვლოდ მოვიდნენ ბევრი იმ დროისთვის აბსოლიტურად უცხო მოთამაშე – შოთა გრიგალაშვილი, კახა ალადაშვილი, მიხეილ კაკალაძე. ეს ყოველივე უბრალო გულშემატკივრის თვალში გაოცებას იწვევდა.

Read the rest of this entry »

Written by zvigena

იანვარი 3, 2012 at 17:32

ნიკა ძალამიძე

leave a comment »

    გუშინ ნიკა ძალამიძემ რიგით მეორე თამაში ჩაატარა პოლონეთის რანგით უმაღლეს ლიგაში მოთამაშე ლოძის “ვიძევში”. პირველი შეხვედრისგან განსხვავებით მან მატჩი ძირითადში დაიწყო და ალბათ ადგილიც ამ შეხვედრის შემდეგ იქ დიდი ხნით დაიბევა.
    პირველი ტაიმის ნახევარი იყო გასული, ნიკამ პარტნიორისგან გრძელი პასი მიიღო – ბურთი ერთი შეხებით მიწაზე კოხტად დაუშვა და ისე რომ ბევრი აღარც უფიქრია, მეორე შეხებაზე მეტოქის წინ გამოსულ მეკარეს ზურგსუკან გადაუკიდა და თავის სადებიუტო გოლიც გაიტანა, თან როგორი გოლი!!
    მისი კარგი თამაშის ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. მას მალევე შეეძლო პარტნიორისთვის საგოლედ ეპასა, როცა საჯარიმოში მეტოქე ტექნიკურად “ჩატეხა”, მაგრამ ბოლო წამს დაზღვევაზე მყოფ მცველმა ჩაუჭრა კარის გასწვრივ გაკეთებული მოკლე პასი.
Read the rest of this entry »

Written by zvigena

მარტი 6, 2011 at 12:30

ლევან კობიაშვილი

with 2 comments

Kobiashvili    დიმა ობოლაძის ორშაბათის გადაცემაში ლევან კობიაშვილის სატელეფონო ჩართვა მოხდა. საუბარი, რათქმაუნდა, ბულგარეთთან საზიზღრად წაგებულ თამაშის შესახებ მიდიოდა.
    ჩემ წინა პოსტებს კაცი თვალს თუ გადაავლებს, იმის შესახებ უამრავ ადგილას მიწერია, რომ ვინც რეალურად ჩახედულია ნაკრების შიდა სამზარეულოში, დუმილს ამჯობინებს და პრობლემებზე ხმამაღალ საუბარს ერიდება.
    ასე დუმილით კი საკითხი რჩება გადაუჭრელი. გულშემატკივარი მარჩიელობს, ვინ არის დამნაშავე, ვინ არა. აქა იქ გაურკვეველი პირი ინტერნეტში სიმართლის პატარა ნაგლეჯს დაწერს, ასე და ასე ხდებაო. ცოტა რეალობასთან მიახლოებული სურათიც რომ შეგექმნას კაცს, მაინც ეს ინფორმაცია ძაან არაოფიციალური და ჭორის ფორმისაა და რეალურ დასკვნებს მაინც ვერ გამოიტან.
    ხოდა ამდენი წლის განმავლობაში ნაკრების წევრებისგან ძლივს ვიღაცამ ხმა ამოიღო და ილაპარაკა, თუნდაც ზოგად ფორმებში, ნაკრების გარშემო წლების მანძილზე დაგროვილ პრობლემებზე.

Read the rest of this entry »

Written by zvigena

ოქტომბერი 21, 2009 at 20:51

ჯანო ანანიძე

with 2 comments

ჯანო ანანიძე     გუშინ 16 წლის ბიჭუნას ეროვნულ ნაკრებში ჰქონდა დებიუტი, თან რა გუნდის წინააღმდეგ – ჩვენი მეტოქე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იტალიის ნაკრები იყო.
    ჯანოს ირგვლივ ბევრი მითქმა-მოთქმა და საუბარი იყო ატეხილი. მოსკოვის სპარტაკის მოთამაშეს რუსებიც ეკურკურებოდნენ და უბრალო გულშემატკივარი მოლოდინში იყო, თუ საბოლოოდ რა მოხდებოდა.
    კუპერმა ჯერ კიდევ მალტასთან თამაშისას უხმო  ნაკრებში ჯანოს  და შეკრებაზე ბიჭი არ გამოცხადდა. ინტერნეტსივრცეში ხალხისგან ეგრევე მწარე კრიტიკა წამოვიდა, კრიტიკა კიდევ რბილი ნათქვამია.
    ვკითხულობდი ათობით ჯანოს მისამართით დაწერილ უსიამო წერილებს და ერთი რა ფიქრიც მიჩნდებოდა, ის იყო, რომ არ შეიძლება ასე ერთი ხელის მოსმით ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდე და თქვა ის, რაც ენაზე იმ წამს მოგადგება (მანამდე ქვეყნდებოდა ჯანოს ინტერვიუები სადაც იძახდა რომ ქართველია და არ აპირებს სხვა ქვეყნის ნაკრებში თამაშს და ამ ფაქტით ყველა აღფრთოვანებული და სიყვარულით წერდა ბიჭზე).

Read the rest of this entry »

Written by zvigena

სექტემბერი 7, 2009 at 21:48