Zvigena's Blog

Georgian Sport

ჯაბა დვალი

leave a comment »

    ჯაბამ კარიერა თბილისის დინამოში დაიწყო და ქართულ უმაღლეს ლიგაში 18 წლის ასაკში 2003/04 წლების სეზონში ჰქონდა დებიუტი. მან დინამოში რამოდენიმე სეზონი ითამაშა, პერიოდულად კი სხვადასხვა მეორეხარისხოვან ქართულ გუნდებშიც ანათხოვრებდნენ. ახალგაზრდა ფორვარდისთვის ადვილი არ იყო ქვეყნის რანგით პირველ კლუბში ფეხის მყარად მოკიდება.

    2007/08 სეზონში უცხოეთს მიაშურა, კერძოდ მოლდოვას, სადაც ორი სეზონი დაყო, რის შემდეგაც ისევ საქართველოში მობრუნდა – ოღონდ ამჯერად ილია კოკაიას ზესტაფონში, სადაც გელაშვილის მხარდამხარ მალე გადაიქცა გუნდის წამყვან დამრტყმელ ძალად.

    ჯაბა ჩემპიონატის შეხვედრების გარდა უფრო მაღალი რანგის ევროტურნირებზეც მუდმივად შედეგიან თამაშს აჩვენებდა. განსაკუთრებით კი 2011/12 სეზონში იყოჩაღა, როცა 20 გატანილი ბურთით ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლე გახდა. გულშემატკივარი ნელნელა მის ნაკრებში მიწვევაზე ალაპარაკდა.

    ნაკრების თავკაცი კი მის ამ შედეგიან თამაშს იგნორირებას უწევდა. არადა იმის ფონზე, რომ ნაკრებში სწორედ გამტანი ფორვარდის მწარე დეფიციტია არველაძის წასვლის შემდეგ.

    ამასობაში კი ჯაბა ჩვენი ჩემპიონატისთვის აშკარად გადაიზრდა. ასეთი დონის ფორვარდი ბევრ უფრო ძლიერ პირველობის კლუბსაც დაამშვენებდა და ნელნელა აშკარა ხდებოდა ის ფაქტი, რომ კოკაიას ძლიერ გაუჭირდებოდა მისი შენარჩუნება.

    მის ზესტაფონიდან წასვლას მორიგ ევროსეზონის პირველსავე ეტაპზე ნეფჩთან მწარე წაგებამაც შეუწყო ხელი და მალევე დაირხა ხმები, დვალი ალბათ აზერბაიჯანში წავაო.

    ამ ინფორმაციის წაკითხვამ გული საშინლად დამწყვიტა – არ მემეტებოდა ჩვენი ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლე (და იქნებ მოთამაშეც?!) აზერბაიჯანულ ლიგისთვის. ბოლო ბოლო დვალი სწორედ ის იშვიათი ფეხბურთელია, ვისი თამაშის ხილვისთვისაც ჩვენ ჩემპიონატზე დასწრება ღირს.

    და ბევრი ქართველი გულშემატკივრის გასახარად მან არჩევანი, აზერბაიჯანში წასვლის ნაცვლად, თბილისის დინამოს სასიკეთოდ გააკეთა და მრავალი წლის შემდეგ თავის მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა (არადა მეზობლებში სავარაუდოდ გაცილებით მსუყე ხელფასს შეპირდებოდნენ).

    გარდა კარგი ფეხბურთელობის, არ შეიძლება არ აღინიშნოს მისი პიროვნული თვისებები, გამართული მსჯელობა და საქმისადმი სწორი მიდგომა. მან ერთ–ერთ ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა მიზეზებზე, თუ რატომ არჩია საქართველოში დარჩენა, თუ როგორ მნიშვნელოვანია მისთვის სწორედ რომ ქართული გუნდის შემადგენლობაში მიაღწიოს წარმატებას ევროსარბიელზე.

    ბევრი მის ადგილზე გაღიზიანებული ისაუბრებდა ნაკრების თემაზე – მაგრამ ჯაბა აქაც გონიერებას იჩენს და როგორც კარგი დიპლომატი გაწონასწორებულ განცხადებას აკეთებს – გულით მინდა გამომიძახონ, მაგრამ ალბათ თავად ვაკლებ რაღაცას და ვეცდები უფრო მეტი ვიშრომო, რომ ნაკრებში დამიძახონო.

    მოედანზე კი, გარდა იმის რომ გოლის გატანის საოცარი ალღო აქვს, არ არის მხოლოდ კარზე დაგეშილი ეგოისტი ფორვარდი – ხშირად შეუძლია კარგი ასისტენტობაც გაწიოს და პარტნიორსაც გაატანინოს. ასეთი მოთამაშეს კი უბრალოდ ფასი არ აქვს – როცა კაცი გუნდურადაც თამაშობს და საჭირო მომენტში საჭირო გოლებსაც იტანს.

    უკვე აღარანაირი ახსნა არ ქონდა ქეცბაიას ქცევას, როცა აგერ კარს მომდგარ ეგვიპტესთან გასამართ ამხანაგურ მატჩზეც არ უხმო დვალს. კაცი ჩემპიონატში მოედნიდან გოლის გატანის გარეშე არ გამოდის, 11 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და ნუთუ ამხანაგურშიც არ იმსახურებდა შანსის მიცემას?

    ქეცბაიამ ინტერვიუში გადაკვრით თქვა – არანაირი ჯინი არ მჭირს ამ კაცის, ასე ვთვლი სწორად და ასე ვიქცევიო.

    მერე კი ზოგი ჭირი მარგებელიაო და ეგვიპტესთან ტრამვის და სხვა მრავალი მიზეზით იმდენი კაცის თამაში გამოირიცხა, რომ დანაკარგის შევსებისას უკვე ვეღარ გაუწია დვალს იგნორირება და ბევრი გულშემატკივრის გასახარად ჯაბას ნაკრებში თამაშის შანსი მიეცა!

    მისი საქმისადმი სწორი მიდგომა, ჟინი და ნიჭი კი უდაოდ მაძლევს იმის იმედს, რომ ქვეყნის მთავარ გუნდშიც არ შეირცხვენს თავს და უახლესი მომავლის ნაკრებისთვის სასარგებლო ფორვარდად იქცევა!

    წარმატებები

Written by zvigena

November 14, 2012 at 00:25

Posted in პერსონები

Tagged with

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: