Zvigena's Blog

Georgian Sport

Archive for ივლისი 2012

ნეფჩი – ზესტაფონი 3:0

leave a comment »

    სწორად აღნიშნა მატჩის შემდეგ ინტერვიუში დავით მუჯირმა – “დღეს ნეფთჩის არ მოუგია, ზესტაფონმა წააგო”.

    მართლაც, ალბათ მთელი სეზონი გაივლის და გუნდი ჯამში არ დაუშვებს დაცვაში ამდენ ელემენტარულ შეცდომას, რამდენიც ეს ბაქოურ შეხვედრაში “მოახერხა”. ორი სულელური კონტრიერიში, სადაც ჩვენი დაცვის ხაზი აშკარად ჩავარდა და მეტოქეს ფეხბურთელს საშუალება მისცა მეკარესთან ერთი–ერთზე გასულიყო. ამას ორი წუთის ინტერვალით ორი გოლი მოყვა და გუნდიც მოიშალა.

    არადა ბაქოური გუნდი არაა ის ძალა, რომელის მორევაც გადაუჭრელი ამოცანაა. ასეთი ბავშვური შეცდომების გარდა ჩვენებურები ნეფჩის ტექნიკით და ბურთის გორებით აღემატებოდნენ და ქონდაც კიდეც გასატანი მომენტები. მენთეშაშვილის შორეული გასროლა ხარიხამ აისხლიტა, ხოლო რამოდენიმე მომენტში ჩვენმა შეტევამ ვერ ივარგა დამაგვირგვინებელ ფაზაში.

    მეორე ტაიმში კობახიძემ კიდევ ერთი უპატიებელი შეცდომა დაუშვა, როცა თავით მეკარის ნაცვლად მეტოქეს დაუგდო ბურთი და მანაც საჩუქარი შეირგო და მესამე გოლი გაგვიტანა. ამ ანგარიშით კი წარმოუდგენელი ხდება ამ ეტაპის დაძლევა, სასწაული თუ გვიშველის.

    თავს დავდებ ასი სხვა შემთხვევიდან, შეხვედრა ჩვენთვის სასურველი ანგარიშით დასრულდებოდა, მაგრამ მოხდა მოვლენების სწორედ ის, ყველაზე არასასურველი განვითარება და აგერ შედეგიც.

    საწყენია ბაქოელების ულამაზო ბაქი–ბუქს ასე წაგებული ანგარიშით საფუძველი ჩვენვე რომ გავუმყარეთ და მათ საქილიკოდ გავხადეთ თავი. არც ჩვენ გვიდგას კარგი დრო, მაგრამ აზერბაიჯანულ ფეხბურთს, ჩვენთან შედარებითაც კი ჯერ ჯერობით სიტყვაც კი არ აქვს სათქმელი.

    მაგრამ ნელნელა იქ ჩადებული მილიონები თავის რეზულტატს მოიტანს და დღეს თუ ვიძახი რომ მათ არაკანონზომიერად დაგვიჩაგრეს ჩვენი ჩემპიონი, რამოდენიმე წელში, თუ ჩვენც არ ავყევით მსოფლიოს ტემპში და არ განვითარდით, მერე უკვე კანონზომიერადაც მოგვიგებენ მეზობლები და ერთი ეტაპის გადალახვაც საოცნებოდ გაგვიხდება.

Written by zvigena

ივლისი 19, 2012 at 15:54

შემდეგ ეტაპზე მინუს ერთი გუნდით

leave a comment »

აქტობე–ტორპედო 1:0

    განმეორებით შეხვედრაში კარგად გამოჩნდა, რომ ამ ეტაპზე აქტობე ტორპედოზე გაცილებით კარგი გუნდია – ყაზახები მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდნენ, უამრავი საგოლე მომენტი შექმნეს და ერთ გოლზე მეტი რომ ვერ გაიტანეს, ეს ცალსახად მეკარე მიგინეიშვილის დამსახურებაა, ვინც ათობით ძნელი ბურთი მოიგერია.

    ცუდი სანახავი იყო ასე უსუსურად მოთამაშე ქართული გუნდი. ყაზახების შემტევი ბიკმაევი სისხლს უშრობდა ჩვენს დაცვას და ლამაზი გატანილი გოლის გარდა, მრავალი სხვა ხიფათიც შექმნა ჩვენს კარებთან.

    იმედია ეს შეხვედრა კარგ გაკვეთილად გამოადგებათ ქუთაისლებს და ცოტა გუნდის გაძლიერებაზეც იზრუნებენ – გამოჩნდა, რომ ამ რესურსით ევროპულ საშუალოზე დაბალი დონის გუნდებთანაც კი ძალიან გვიჭირს თამაში.

მეტალურგი–ტეუტა 6:1

    საპირისპირო სიტუაცია იყო მეტალურგის შემთხვევაში. ტეუტა რომ ვერაფერი გუნდია, ეს გუშინდელ მატჩში კარგად გამოჩნდა, თუმცა ამის ფონზეც რუსთაველთა ლაღი თამაში და დიდი ანგარიშით გამარჯვება მაინც ძალიან სასიამოვნოა.

    გუნდი ბოლო წლებია ძველებური სიხშირით აღარ იცვლის კონტინგენტს, ბირთვი როგორც იქნა ჩამოყალიბდა და მწვრთნელიც რიგიანი ყავთ. ეს ყველაფერი კი, რათქმაუნდა, წარმატების წინაპირობა ხდება.

    აღსანიშნავია თექთურმანიძე, რომელმაც ორი ერთმანეთზე ლამაზი გოლი გაიტანა, რასაც ტატანაშვილის დუბლი, გეწაძე–მიქაბერიძის თითო–თითო გატანილი ბურთი მოყვა და ანაგარიშიც გამანადგურებელი დაფიქსირდა.

    მთლიანად რუსთაველები აზრიან, ლაღ კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობდნენ, რაც საცქერად ძაან სასიამოვნო იყო. ამ ყველაფერს მესხზე არსებული კარგი მოედანიც უწყობდა ხელს (საქართველოში კი ვართ მსგავს რამეს მონატრებული, ბოლო წელი თუა, ამ მხრივ სიტუაცია რომ გაუმჯობესდა).

    საინტერესოა დინამოს ხელმძღვანელობა რას ფიქრობს, როცა მათ მიერ წინა სეზონში დაწუნებული თექთურმანიძე–ტატანაშვილი–კვარაცხელიას ტრიოს შესცქერის. ეს სამეული ნებისმიერ ქართული მაშტაბით ძლიერ გუნდს დაამშვენებდა.

    ტატანამ ორი გოლი ხომ გაიტანა, არც გონივრულ პასებს აკლებდა და დაბრძენებული ფორვარდივით, როცა მომენტი იყო, მიუხედავად იმის რომ გუნდი ასე იგებდა, არ ცდილობდა ბურთი ეთრია და სადაც საჭირო იყო, პარტნიორს პასს არ უგვიანებდა.

    საინტერესოა ბევრად ძლიერ პლზენთან ეს კონტინგენტი თავს როგორ წარმოაჩენს.

    წარმატებები!

Written by zvigena

ივლისი 13, 2012 at 13:23

ევროსეზონი 2012–13

leave a comment »

    გასულ ხუთშაბათს სტარტი ევროპის ლიგის გათამაშებამ აიღო და ჩვენი კლუბებიც პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთნენ ტურნირში. ქუთაისის ტორპედო ყაზახურ აქტობეს დაუპირისპირდა, ხოლო რუსთავის მეტალურგი ალბანურ ტეუტას.

    ევროსარბიელის მატჩს ქუთაისი ბოლო შვიდი წლის მანძილზე პირველად მასპინძლობდა და მოლოდინიც დიდი იყო. თავადაც არ დავიზარე და თბილისიდან ქუთაისს ვესტუმრე.

    ბილეთის ფასი სულ რაღაც 3–დან 7 ლარამდე მერყეობდა, მაგრამ არ იყო დანომრილი. სტადიონზე ერთი საათით ადრე მისულებს ტრიბუნაზე ხალხი კანტიკუნტად დაგხვდა, მაგრამ დაუნომრავი ბილეთის გადამკიდე დასაჯდომად მაინც გაგვიჭირდა ნორმალური ადგილის შერჩევა. მერეც ბევრი გაუგებრობა მოხდა – დაგვიანებით მოსული ხალხი თავის კუთვნილ ადგილს ითხოვდა, რომელიც, რათქმაუნდა, შედარებით იაფფასიანი ბილეთის პატრონებს უკვე დიდი ხნის წინ შეევსოთ.

    შეხვედრა დაიწყო და მალევე გამოჩნდა ქუთათურებს დიდი ჯაფა დაადგებოდათ. აქტობე კარგად აგორებდა ბურთს და საწყისს წუთებში უპირატესობას დაეუფლა კიდეც.

    მატჩს წვრილად არ ავღწერ, ვისაც სურდა კი იხილა ტელევიზიით, ან საგაზეთო მიმოხილვას წაიკითხავდა. მოკლედ კი ვიტყვი, რომ შეხვედრამ მოლოდინი ვერ გაამართლა – მოჩვენებით უპირატესობას, რომელსაც ნელ ნელა ქუთაისელები დაეუფლენ, მხოლოდ ერთი გატანილი გოლი მოყვა. საპასუხოდ კი დაცვა ხშირად უხეშად ცდებოდა. ბოლოს სტუმრებმა აღარც გვაპატიეს და საპასუხო გოლი გაგვიტანეს, რითაც ჩვენთვის საკმაოდ არასასურველი ანგარიში 1:1 დააფიქსირეს.

    მაყურებელი გუნდით უკმაყოფილო იყო, განსაკუთრებით დოლიძის არეული თამაში აღიზიანებდათ და ასევე ტლანქად მობურთალი გოცირიძე. მეორე ტაიმში ვალერი ბოლქვაძის შემოსვლამ შეხვედრა ცოტა კი გამოაცოცხლა, მაგრამ ეს ცდა, რამე შეცვლილიყო შეხვედრის ხასიათში, ცოტა დაგვიანებული აღმოჩნდა.

    ძნელია, განმეორებით შეხვედრაში ქუთათურთა წარმატება ივარაუდოს კაცმა – გუნდი სეზონს ახლა იწყებს და აშკარად ფორმაში არაა. საპირისპიროდ ყაზახეთში შუა გახურებული სეზონია და მართალია არც აქტობე წყვიტავს ციდან ვარსკვლავებს, მაგრამ გუნდი აშკარად ჩვენებზე უფრო გააზრებულ და მოძრავ ფეხბურთს თამაშობს.

    ტორპედოსგან განსხვავებით რუსთაველებმა სასიამოვნოდ გაგვაკვირვეს და მართალია სუსტ ალბანელებთან, მაგრამ მაინც, გასვლაზე 3:0 მოიგეს და შემდეგ ეტაპზე ადგილიც დაიბევეს.

    განმეორებითი შეხვედრები 12 ივლისს გაიმართება. რუსთაველები საშინაო არენის ნაცვლად მიხელ მესხზე დაუხვდება მეტოქეს. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება. იმედია ქუთათურებიც გამოიჩენენ ცოტა მეტ ფხას – ეს ეტაპი რომ დაძლიონ, კიდევ უფრო სუსტი მოლდოვური მილსამი ელით და ამასობაში იქნებ ფორმაც აკრიფონ და ჩვენი საზომით წარმატებული გამოსვლით გაგვახარონ ახლად დაწყებულ ევროსარბიელზე.

ესეც წინა სამატჩო სიტუაციაზე მცირე ვიდეო კადრები

Written by zvigena

ივლისი 10, 2012 at 11:13