Zvigena's Blog

Georgian Sport

Georgia – Iceland 1:0 (U17 Championship)

leave a comment »

    როგორ ჟღერს?! – საქართველოს ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა! ჯგუფში ბოლო შეხვედრა გავმართეთ და მეტოქე ისლანდია აშკარად დავჯაბნეთ. იქით გერმანელებმა ჩვენი საქმე გააკეთეს, ფრანგებს 3–0 მოუგეს და აი ესეც, აქამდე არნახული წარმატება – საქართველოს ნაკრები ევროპულ ოთხ საუკეთესო ნაკრებთა შორის მოხვდა.

    შეხვედრა ჩვენებურების უპირატესობით დაიწყო და შეხვედრის განმავლობაში რამოდენიმე გასატანი მომენტი შევქმენით. ჯერ მზევაშვილის კარგი თამაში იყო – მეტოქის მცველს დაუსხლტდა და შორეულ კუთხეში დაარტყა – ბურთი კარს მცირედით აცდა. შემდეგ საქმეს ხელი პაპუნაშვილმა მოკიდა და ისლანდიელთა კარი შორეული დარტყმებით დაბომბა.

    მისი პირველი ცდა მეტოქის კარის ცხრიანს მცირედით აცდა, მეორე ცდაზე ბურთს ისლანდიელი მცველი გადაეფარა და ლამის გასასვენებელი შეიქმნა, შემდეგი დარტყმა კი მეკარემ გაჭირვებით მოიგერია. ასეთი დაყენებული დარტყმა ალბათ ბევრ ჩამოყალიბებულ ფეხბურთელს არ აქვს.

    ტაიმის მიწურულს კი ისევ მზევაშვილმა გაიწია გასატანად – საჯარიმოში მახვილი კუთხიდან შევიდა, კარგადაც დაარტყა, მაგრამ ისლანდიელი მეკარე ისევ მოწოდების სიმაღლეზე იდგა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

    ყოველივე ამის საპასუხოდ მეტოქემ მხოლოდ ერთხელ შეგვაწუხა, როცა შორიდან საკმაოდ უხერხულად დაურტყეს ჩვენ მეკარე ადამიას. მან კი მოიგერია ბურთი, მაგრამ ასხლეტილზე დიდი იყო შანსი მეტოქეს დაემატებინა, მოკლედ გადავრჩით.

    მეორე ტაიმი თითქმის ანალოგიური სცენარით წარიმართა. ჩვენები უპირატესობას ფლობდნენ, გოლის გატანას კი ძირითადად შორეული დარტყმებით ვცდილობდით. კიდევ ერთხელ გაისროლა პაპუნაშვილმა, ლამაზ შორეულ დარტყმულს მეტოქის მეკარე ასევე ლამაზ ნახტომში გადაეღობა.

    ისლანდია ამის საპასუხოდ ყველა ჯარიმიდან ბურთს საჯარიმოში კიდებდა და ასე მეორე სართულზე ცდილობდა უპირატესობის მოპოვებას. ჩვენს კარის მახლობლად მოწოდებულ აუტსაც ანალოგიურად საჯარიმოში აგდებდნენ და იქ შექმნილი არეულობის იმედად იყვნენ მერე.

    ამასობაში კი გერმანია–საფრანგეთის თამაში სასურველი ანგარიშით მიმდინარეობდა და ჯგუფიდან გასვლას მხოლოდ ერთი გატანილი გოლი გვაშორებდა. არადა შეხვედრა უკვე ნელნელა დასასრულისკენ მიდიოდა.

    დადგა 73–ე წუთი – ბურთი ფლანგზე კარგად გავითამაშეთ, ახვლედიანმა ეფეკტურად ქუსლით ითამაშა. მერე სამხარაძემ დაბალი ჩაკიდა, მეტოქის მცველი მას აცდა, დარციმელიამ კი კარგი რეაქცია გამოავლინა და უხერხულ ბურთს მეტოქის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. ეს გამარჯვება იყო და მთელი გუნდი სიხარულისგან ჭკუაზე გადავიდა!

    ლამის იქვე დავისაჯეთ, როცა ქართველი მცველები მაღალ ბურთს არ მიყვნენ, მეკარემაც საპასუხოდ კარი დროზე არ დატოვა და ასე მეტოქის თავდამსხმელი ბურთთან მარტოდ მივატოვეთ. კიდევ ხომ მახვილი კუთხე იყო და ბოლო წამს ისევ მეკარემ ივარგა და დარტყმული კუთხურზე მოიგერია..

    ამ უსიამოვნო წამებმა გადაიარა, მერე მსაჯმაც მალე ჩასტვინა და წინ ნახევარფინალია!!! წარმოგიდგენიათ რამხელა წარმატებაა?! უნდა გამოვარჩიოთ აბურჯანიას კარგი, დალაგებული თამაში – მოედნის სიღრმიდან პასებს კარგად ანაწილებდა. პაპუნაშვილი – რომელიც შანს არ უშვებდა ხელიდან და სახიფათო დარტყმებით ისლანდიელ მეკარეს სისხლს უშრობდა და რათქმაუნდა დარციმელია, ვინც ასე საჭირო გოლი გაიტანა!

    წარმატებები და ასე მადამოსულებს უკვე ფინალიც არ გვეჩვენება მიუღწეველ მწვერვალად!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: