Zvigena's Blog

Georgian Sport

გია გეგუჩაძე

leave a comment »

    გია გეგუჩაძე – ეს ის იშვიათი ქართველი მწვრთნელია, რომლის მუშაობა სანახაობრივ ფეხბურთთან, პროგრესთან და რაც მთავარია, ჯამში დადებით შედეგთან ასოცირდება.

    მრავალი წელია აქტიურად ვადევნებ თვალს ქართულ ფეხბურთს და ჩემი სუბიექტური აზრით გია ბოლო პერიოდის საუკეთესო ქართველი სპეციალისტია. ვეცდები აზრები შევკრა ამ პიროვნების შესახებ. თავიდან მივყვეთ, თუ რა როგორ იყო. ცოტას ხალხის დამოკიდებულებაზეც ვიტყვი.

    2004 წელი იყო, გია დინამოს მთავარ მწვრთნელად რომ მოვიდა, იმ დინამოსი, რომელსაც ქართული საზომით საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა თავმოყრილი. სულ თვეების წინ კი შუშაკის ხელმძღვანელობით “დსთ”–ს თასი ჰქონდათ მოგებული, რაც მცირე საქმე არაა.

    პირველი, რაც თვალში მომხვდა, ეს საკადრო წმენდა იყო – ისეთი ხალხი დაითხოვა გუნდიდან, ვინც მაშინდელი დინამოს ლიდერებად ითვლებოდნენ: ბურდული, დარასელია, გოგობერიშვილი – ეს ის მცირე ჩამონათვალია, ვისი ადგილიც გუნდში აღარ მოიძებნა.

    სანაცვლოდ მოვიდნენ ბევრი იმ დროისთვის აბსოლიტურად უცხო მოთამაშე – შოთა გრიგალაშვილი, კახა ალადაშვილი, მიხეილ კაკალაძე. ეს ყოველივე უბრალო გულშემატკივრის თვალში გაოცებას იწვევდა.

    მალე ევროტურნირების დროც მოვიდა და ახალი მწვრთნელი პირველი გამოცდის წინაშე დადგა – მითუმეტეს ასეთი საკადრო ცვლილებების მოთავე სავარაუდოდ თავად იყო და წარუმატებლობის შემთხვევაში პასუხიც მას მოეთხოვებოდა.

    შედეგი საუკეთესო იყო დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ორივე შეხვედრაში დავამარცხეთ ბელორუსული ბატე (ვინც სამი წლის წინ 4–0 გაგვანადგურა), გავცდით ჩეხურ სლავიას და ჯგუფურ ეტაპზე გამსვლელ რაუნდში გამოვთიშეთ პოლონეთის ჩემპიონი ვისლა, ის ვისლა რომელმაც მანამდე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ჩემპიონი ვით ჯორჯია თბილისში 8–2 ათრია.

    გუნდი გააზრებულ, შემტევ, ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა, ერთი ცენტრფორვარდით და ორი შემტევი ფლანგელით – გსიამოვნებდა კაცს ასეთი გუნდის ხილვა. არასდროს დამავიწყდება ვისლას წინააღმდეგ შეხვედრა, ხალხი სიხარულისგან ლამის ჭკუიდან რომ გადავედით – პირველად ქვეყნის ისტორიაში უეფას თასის ჯგუფურ ეტაპს ვუწიეთ.

    მერე კი.. ამონარიდი გიას ერთ ერთ ინტერვიუდან:
    “სამწუხაროდ, „დინამოში“ ჩანაფიქრების ბოლომდე განხორციელება არ გამომივიდა. ყველაფერი ევროლიგაში წარუმატებლობიდან დაიწყო, სადაც ჯგუფში ოთხივე თამაშის წაგება „მოვახერხეთ“ – „სპორტინგთან“, „სოშოსთან“, „ნიუკასლთან“, „პანიონისთან“… როგორც ხედავთ, საკმაოდ ცნობილი მოწინააღმდეგეები გვყავდა და საკუთარ თავს უნდა გადავხტომოდით. დასანანია, რომ ეს ვერ შევძელით… თან ქვეყნის ჩემპიონატშიც დავთმეთ პირველი, „დაკვეთილი“ ადგილი. აი აქ კი წამოყვეს თავები ჩასაფრებულებმა – ესეც თქვენი ექსპერიმენტები, თავს გაუვიდა!.. მოკლედ, დამითხოვეს. ღმერთი იყოს მათი მსაჯული! ”

    მერე რაღაც პერიოდი გია ასპარეზიდან გაქრა. 2009 წლის იანვარში ფინანსურად მძლავრ ზესტაფონში მიიწვიეს.

    გიამ ჩვეულად დაიწყო მოღვაწეობა – მოიწვია ის კონტინგენტი, ვისზე დაყრდნობით მომავალი გუნდის მშენებლობას დაიწყებდა. უარი თქვა ლეგიონერებზე. ლამის კარიერა დანგრეული გრიგალაშვილი გამოჩხრიკა – დღეს ეს კაცი ნაკრების წევრია. ეტაპობრივად ბევრ ექს შეგირდს მოუყარა თავი – ალადაშვილი, დვალი, ბაბუნაშვილი, მამალაძე, მელქაძე, კაკალაძე. გაცემული ავანსი ვინც ვერ გაამართლა, გუნდს მალევე გამოემშვიდობა.

    გია ყოველ ინტერვიუზე ერთს იმეორებდა, რომ გუნდის შენება ეს გრძელი, რთული და კომპლექსური პროცესია, სადაც ძნელია თავიდანვე შედეგზე აქცენტის გაკეთება. უფრო მნიშვნელოვანი კი სწორი მიმართულებით მისი შენების დაწყება და განვითარებაა.

    რეალური შედეგი ორი სეზონის შემდეგ იქნა მიღწეული, როცა კლუბი არსებობის ისტორიაში პირველად გახდა ქვეყნის ჩემპიონი. გუნდი გააზრებულ, სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა. თბილისში “ზესტაფონის” ყოველ სტუმრობაზე სიამოვნებით მივდიოდი სტადიონზე, მათი ნაჩვენები ფეხბურთის საცქერად – მატჩებს კი გაცილებით ნაკლები გულშემატკივარი ესწრებოდა, ვიდრე ამას გიას დამოძღვილი გუნდი იმსახურებდა.

    ეგ კი არა, იყო მონაკვეთები, როცა ზესტაფონელი ფანობა მწარედ აკრიტიკებდა გუნდის მწვრთვნელს – საფუძვლიანად?! ალბათ გიამ ამ ხალხს შედეგით კარგი პასუხი გასცა, თუ რამდენად “საფუძვლიანად”.

    ევროსარბიელს რაც შეეხება, გუნდი საკმაოდ ყოჩაღობდა – თავი არცერთ მეტოქესთან არ შეურცხვენია და ცოტა უიღბლობა რომ არა (მარტო ჰელსინბორგთან თამაშის გახსენებაც კმარა როცა 90–ე წუთამდე გასვლაზე 2–0 ვიგებდით და ბოლო წუთს გაშვებული გოლით შეხვედრა დამატებით ტაიმში გადავიდა), გაცილებით უკეთესი შედეგების მიღწევაც შეეძლო.

    ხოდა 2011 წლის მაისი – გუნდი ჩემპიონი გახდა და არაფერი მიანიშნებდა იმას, რომ გეგუჩაძის ზესტაფონური კარიერა სინამდვილეში დასასრულს რომ უახლოვდებოდა.

    დაიწყო ზაფხული და შესაბამისად ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადება. გადავლახეთ პირველი მოლდავური ეტაპი. მეტოქედ შტურმი გვერგო – არც თუ დაუძლეველი ბარიერი. თუ გავედით, უკეთესი, შემდეგ ეტაპზე ბატე გველის, გუნდი რომელიც გიას ერთხელ უკვე გამოთიშული ყავს ევროსარბიელიდან.

    გულს უხაროდა ისეთ თამაშს აჩვენებდა ჩვენი გუნდი, ავსტრიულ “შტურმს” გააზრებულ თამაშს ეთამაშებოდა და ჯობნიდა კიდეც – ერთი გოლი აკლდა შეხვედრას და მეორე ტაიმში ის გოლიც გავიტანეთ 1–0. მალევე გელაშვილმა ბურთი რაღაც საოცრებით ცარიელ კარს ვერ დაუმიზნა და გავუშვით შანსი ხელიდან პირველივე შეხვედრაში მოგვეთავებინა საქმე.

    მერე მოხდა ის, რაც ფეხბურთის დაუწერელი კანონია – ვერ გაიტან, გაგიტანენ. ონიანი დაცვაში ელემენტარულ სიტუაციაში შეცდა, ბურთი ცუდად დაამუშავა და მეტოქეს ჩააბარა. შედეგად ფრე 2:0–ის ნაცვლად. გუნდმა ავსტრიაში ვეღარ შეძლო თამაშის გადარჩენა. დავემშვიდობეთ ჩემპიონთა ლიგაზე ოცნებას. არადა მისი ჯგუფური ეტაპი საოცრად ახლოს მოჩანდა.

    “ზასტაფონმა” კი უეფას თასზე გადაინაცვლა, სადაც ბელგიური “ბრიუგე” და უკვე უეფას თასის ჯგუფურზე გასვლის პერსპექტივა ელოდა. შუალედში საქართველოს ჩემპიონატის შეხვედრა იყო, სადაც გია გუნდს არ გაუძღვა და ტორპედოს წინააღმდეგ “ზესტაფონი” მისმა ასისტენტმა ათამაშა. ცუდის ნიშანი იყო და მალე გაცხადდა კიდეც რომ გეგუჩაძემ ზესტაფონი დატოვა.

    გიას სიტყვებით ოფიციალური ვერსია დასახული მიზნის ვერმიღწევა იყო. ცოტა უცნაურად ჟღერდა.

     ეს კაცი სადაც მივიდა, მისი მთავარი პრინციპი იყო მუშაობა ეცლიათ. იგი არ იყო მხოლოდ წვრთვნის პროცესში ჩართული კაცი, არამედ თავად არჩევდა გუნდის განვითარების სტრატეგიას, სასურველ კონტინგენტს – ვისაც ენდობოდა, თავის მუშაობის ფილოსოფიას გააცნობიერებინებდა, გრძელვადიან პროგრამას დაისახავდა და ეტაპობრივად თითო–თითო აგურის დადებით სწორად გუნდის შენებას შეუდგებოდა.

    იგი ერთგვარი გუნდის მწვრთნელ–მენეჯერია, ვისაც ამ ცოცხალი ორგანიზმის სწორად მართვა ხელეწიფება.

    კიდევ ერთი დადებითი თვისება – არ ერიდება ავტორიტეტებს. ისეთი ხალხი დაითხოვა ძველი დინამოდან, ვისზეც მის მოსვლამდე კლუბი იდგა – ალბათ არ ქმნიდნენ ეს ფეხბურთელები ჯანსაღ გარემოს კლუბში. არაჯანსაღ გარემოში კი საქმის სწორად კეთება შეუძლებელია.

    ალბათ არც ზესტაფონში იყო ბოლომდე ჯანსაღი დამოკიდებულება, მის საქმეში სავარაუდოდ ჩარევას ცდილობდნენ და ამიტომაც მიიღო ასეთი გადაწყვეტილება – ეს ჩემი ფიქრი იყო.

    პირველად ერთმა ახლობელმა, რომელიც საფეხბურთო წრესთან დაახლოებული პირია, დამიდასტურა ამ აზრის სისწორე – ერთ ერთ თამაშზე გადავეყარე, ვკითხე, რა მოხდათქო – კბილებით ეჭირა ბოლო წუთამდე გუნდიო, არ აცალეს და ყელში ამოუვიდაო. ასეთი იყო პასუხი.

    ახლახანს კი ამ სტატიას გადავაწყდი, სადაც გია შედარებით ღიად საუბრობს წამოსვლის მიზეზე. მცირე ამონარიდი:
    “საუბედუროდ, „ზესტაფონში“ მუშაობის პერიოდში სულში უამრავი წყენა ჩამიგუბდა, კლუბის მფლობელებთან ურთიერთობაში ბევრი გაუგებრობა წარმოიშვა, და უფრო ხშირად ეს საქმის საზიანოდ და საღი აზრის საწინააღმდეგოდ ხდებოდა! ჰოდა, დაგროვდა…”

    მწარე ღიმილის მომგვრელი იყო იმ პერიოდში ინტერნეტსიცრცეში ფორუმზე ზესტაფონელი გულშემატკივრის დაწერილი აზრები. უმრავლესი მათგანი გახარებული იყო გიას წასვლით, “რახან ეგ მოგვშორდა” – ასეთ ნაწერს ხშირად ამოიკითხავდი.

    ჩემი აზრით კი გუნდი რომ დღეს ასეთ ფეხბურთს თამაშობს და მიმდინარე ჩემპიონატს სათავეში უდგას, გიას მიერ სამი წლის განმავლობაში ჩაყრილი საძირკვლის ნაყოფია, სწორად ნაკეთები საქმის შედეგი. ჭიაბრიშვილი თუ მის ხაზს გააგრძელებს, შედეგი კვლავაც იქნება.

    საბედნიეროდ გია უმუშევარი დიდხანს არ დარჩა და ამჯერად ქუთათურების, შესაბამისად ისევ ქართული ფეხბურთის სამსახურში ჩადგა. ეს შემოდგომაზე მოხდა, როცა გუნდის დაკომპლექტება მორჩენილი იყო.

    მალევე გაცხადდა გრძელვადიანი ხუთწლიანი პროგრამა, ზამთარიც დადგა, სატრასფერო ფანჯარა გაიღო და დაიწყო გუნდის მოსალოდნელი გიასეული წმენდა, კლუბი უკვე დატოვეს რიგმა ფეხბურთელებმა. გეგუჩაძე თავის გზას არ ღალატობს – გუნდს ამჯერადაც საკუთარ გემოვნებით ააწყობს, რაც მჯერა, საბოლოოდ შედეგის მომტანი იქნება.

    ესეც მისი ბოლო ინტერვიუ რაც ტორპედოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა:

    “ასე ვიტყოდი, გულშემატკივარი აღივსოს მოთმინებით, რადგან თუ რამ ახლა გუნდში კეთდება, მხოლოდ საერთო საქმისთვის სასიკეთოდ მიმდინარეობს. გუნდმა შეიძლება წააგოს, თამაშის ხარისხიც არ იყოს მისაღები, მაგრამ ჩვენ ვაშენებთ და ასეთი რამ გარდაუვალი იქნება საიმისოდ, რათა მომავალში ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა გავხდეთ – ლამაზი ფეხბურთიც ვითამაშოთ და შედეგებიც დადებითი გვქონდეს.”

    ისევ გულდაწყვეტით მომიწევს იმ ფაქტის აღნიშვნა რომ ამ ინტერვიუს უკვე ქუთათურ გულშემატკივრებში ათასი ნეგატიური გამოხმაურება მოყვა – ბევრი ქართული საზომით გუნდში ვარსკვლავების მოყვანას და შედეგის ამავე სეზონში დადებას ითხოვს.

    მე კი ერთი ვიცი – თუ ამ კაცს ხელი შეეწყო და მის საქმეში არ ჩაერივნენ, გუნდს მალე ფეხბურთს ათამაშებს და შედეგსაც ანახებს:
    – “რატომაც არ უნდა ვცადო კიდევ ერთხელ, თუკი ვიცი, როგორ კეთდება ეს?” ესეც მისი სიტყვებია.

    ისედაც თითზე ჩამოსათვლელი ნორმალური სპეციალისტები გვყავს, უმადურებას და უტაქტობას ნუ გამოვიჩენთ მათ მიმართ. დავაფასოთ, რომ მათაც ხალისი ქონდეთ აკეთონ საქმე, რომელიც საბოლოოდ სასარგებლო იქნება ჩვენი ქართული ფეხბურთისთვის.

    წარმატებები გიას!

Written by zvigena

January 3, 2012 at 17:32

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: