Zvigena's Blog

Georgian Sport

Georgia – Croatia 1:0

leave a comment »

ემოცია

    შეხვედრა იწურებოდა მარცვალაძე საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს რომ მიწვდა, მცველი ჩამოიტოვა და თვალი უკვე კარის სიახლოვეს მარტო მდგომ კობიაშვილისკენ გამექცა – მართლაც მარცვალამ წამის მეათედიც და მას კარგად უპასა, გოლამდე ერთი ფეხის კარგად მოქნევაღა იყო საჭირო.
    დარტყმა და ჩემთვის დრო გაჩერდა – რა მცირე ნაბიჯი რჩებოდა გამარჯვებამდე! კარში მდგომი კარის დარაჯი იყო ბოლო წინაღობა – ვისაც შეეძლო ხელი შეეშალა, ასე სიხარულის მომგვრელი გოლი გვეხილა.
    მეკარე რეაქციით კუთხისკენ გადახტა, აქნეულ ხელზე ბურთი ცოტათი ასხლტდა, კიდევ რამოდენიმე მეათასედი წამიც და… გოლია!!! გოლი!!! ბურთი ბადეში გაეხვა – არა, არ მატყუებს თვალი, ეს ხომ გამარჯვების გოლია!!!! ვეღარაფერს ვამჩნევდი, თავი უზომო სიხარულის და ემოციისგან სკამზე ჩამომჯდარმა ხელებში ჩავრგე და უნებურად წამოსული ცრემლები ჩამოვიწმინდე – სტადიონი ინგრეოდა ხალხისგან ამოხეთქილი ემოციური ღრიალით..

მატჩი

    ამ შეხვედრას ბევრი გმირი ყავდა – ჩვენი მწვრთნელი, ვინც ის ერთადერთი ზუსტი ტაქტიკა აირჩია, რამელმაც ეს დაუჯერებელი გამარჯვება მოგვიტანა.
    აღსანიშნავია მთლიანად დაცვა, რომელიც საკმაოდ მწყობრად იდგა და ხორვატების ზეწოლას იგერიებდა
    ჩვენი მეკარე რევიშვილი, ვინც მეორე ტაიმის დასაწყისში დაბალი კუთხიდან ისეთი ბურთი გამოაძრო, მსგავსი სეივის გაკეთებაზე ნებისმიერი მეკარე რომ მოაწერდა ხელს.
    შეცვლაზე შემოსული მარცვალაძე, ვინც საგოლე მომენტი შექმა და რათქმაუნდა კობი – ვინც ის საჭირო წერტილი დასვა, რის გარეშეც გამარჯვება არ მოვიდოდა. ფეხბურთში ხომ გოლია ყველაფერზე პასუხი – გინდაც საპირისპიროდ ძელები დაგიღუნოს მეტოქემ და ბურთი არ განახოს მთელი ოთხმოცდაათი წუთი.
    რათქმაუნდა ხორვატები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას და აქტიურად ცადეს ჩვენ საჯარიმოში სიტუაცია დაეძაბათ, მაგრამ დაცვა ყოჩაღობდა და რევიშვილს პირველ ტაიმში სულ ერთხელ თუ მოუწია შორეული დარტყმის მოგერიება.
    საპირისპიროდ ჩვენ წინ ფაქტიურად ვერაფერს ვქმნიდით, სულ რამოდენიმეჯერ გადავედით მეტოქის ნახევარზე. ქეცბაიას დაცვითი სტილის შემადგენლობა ყავდა გამოყვანილი და სამი საყრდენით თამაშობდა. წინ ეული დვალიშვილი წვალობდა, ვინც ტაიმის შემდეგ შეცვალეს კიდეც სირაძეთი. ლადომ მანამდე იმდენი იბრძოლა, მეორე ნახევრისთვის ნაკლებად გაყვებოდა ჯანი.
    ტაიმი ისე დასრულდა, გუნდმა თავის დავალება შეასრულა – არ ითამაშა, მაგრამ არც ხორვატები ათამაშა – ასეთი ძლიერი მეტოქისთვის 90 წუთი გახსნილი ფეხბურთი რომ შეგვეთავაზა, გაგვიტანდნენ კიდეც რამოდენიმე გოლს და დავრჩებოდით ნოლზე.
    სტუმრები საწყისი წარუმატებლობის გადამკიდე მოსალოდნელიც იყო, რომ მეორე ტაიმს შედარებით  სუსტად ჩაატარებდნენ და ჩვენი შანსი მცირედით, მაგრამ მაინც, უფრო იზრდებოდა კონტრიერიშზე გამოგვეჭირა მეტოქე.
    მართლაც ქეცბაიამ სირაძის შემდეგ მოედანზე სწრაფი მარცვალაძე შემოუშვა. ხოლო მოგვიანებით საყრდენი დაუშვილი, ბევრად შემტევი სტილის მოთამაშით – გოგუათი ჩაანაცვლა. კობიმ კი ფლანგიდან მოედნის სიღრმეში შეიწია.
    ამ ყველაფერმა გუნდი გამოაცოცხლა და ხორვატებს იქით შევუტიეთ (თუმცა მანამდე რევიშვილის სასწაული სეივი იყო, როგორც უკვე ზევით ავღნიშნე).
    პირველი ხიფათი ხორვატების კართან კუთხურის ჩამოწოდებას მოყვა – ბურთს ხიზანამ შეუშვირა თავი და კარს ცოტათი ააცილა. შემდეგ იყო ძაან რეალური საგოლე მომენტი, როცა მცველებმა უხეიროდ მოიგერიეს ბურთი, რომელიც საჯარიმოს ხაზთან ისევ ხიზანამ იხელთა, მკერდიდან დაბლა დაუშვა, მას ხელს არავინ უშლიდა, ბურთს გემრიელად ამოცხო, მაგრამ დარტყმა უზუსტო გამოუვიდა და მომენტი გააცუდა. იყო გოგუას შორეული ცდაც კარის აღების, მაგრამ ნაკლებ სიმწვავის.
    შეეძლო მარცვალაძესაც გაეტანა, თან ულამაზესი გოლი, როცა მოედნის სიღრმეში ბურთი მოიხელთა, კარგად დაბზრიალდა, რამოდენიმე მეტოქეს გაექცა და დიდ სისწრაფეზე საჯარიმოსკენ დაიძრა – ბოლო დარტყმა აღარ გამოუვიდა, როცა ორ მცველს შორის მოქცეულმა ბურთს სუსტადღა წაკრა ფეხი.
    და დადგა ბოლო წუთი, ისევ მარცვალას მშვენიერი თამაში, კარგად მოგებული ბურთი და კობის საგოლე დარტყმა! მერე იყო ნერვიული დამატებული წუთები, ხორვატები ძაან მოგვაწვნენ, რევიშვილმა იყოჩაღა ისევ – ძნელი ბურთი გამოაძრო კუთხიდან. კიდევ რამდენიმე წამიც და მსაჯმა საფინალოდ რომ ჩასტვინა, დაიწყო ის სიზმარი, რაც მინიმუმ ისრაელის მატჩამდე გაგრძელდება.

კობი

    და კობი.. რამდენი წელია ეს კაცი ჩვენს ნაკრებშია. აქ მასზე ადრეც დავწერე – როცა ბულგარელებთან სამარცხვინო მარცხის შემდეგ პირველი გამოვიდა და აიმაღლა ხმა იმ პრობლემებზე, რაც ნაკრებში წლებია დაგროვილია და ღიად არავინ საუბრობს. თავად ყოველთვის გულიანად მოთამაშე, იყო უნებურად იმ მარცხიანი ნაკრების წევრი, რომელიც ხშირად მხოლოდ სასირცხვილო შედეგს ანახებდა.
    და ამ ასაკში, ლამის კარიერას რომ ასრულებს კაცი, ეღირსა ღირსეულ გუნდში თამაშს და სიმბოლურია რომ ნაკრებმა ეს ისტორიული გამარჯვება სწორედ მისი გოლით მოიპოვა – მატჩის შემდეგ ემოცია დაცლილი რომ დააბიჯებდა მოედანზე, ხომ წარმოგიდგენიათ რა ხდებოდა იმ წამს ამ კაცის გულში – დაიმსახურა კობიმ ეს გოლი!!!
    მადლობა ყველას!

 

Written by zvigena

March 27, 2011 at 14:35

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: