Zvigena's Blog

Georgian Sport

ეს არის სუპერთასი?!

leave a comment »

zestafoni-dila 2013    სეზონი სუპერთასის შეხვედრით განახლდა, სადაც დილა და ზესტაფონი ვაკეში, მიხეილ მესხზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

    ტრიბუნაზე 6–7 ათასამდე კაცმა მოიყარა თავი და ფრიად უინტერესო შეხვედრაც იხილა. მთელი 120 წუთის მანძილზე გუნდებმა ერთი–ორი სახიფათო დარტყმა თუ გაცვალეს და ეგ იყო და ეგ. ასეთი ფეხბურთით კი ტრიბუნაზე მაყურებელს ნაკლებ მოიზიდავ – თავადაც კი, ასეთი “სანახაობის” შემყურემ, ლამის შუა შეხვედრიდან წასვლა გადავწყიტე.

    მატჩმა ასე ბრძოლაში, მომენტების გარეშე ჩაიარა. პენალტების სერიაში კი ზესტაფონმა 4–2 იმარჯვა. დილას მხრივ ჯერ კვირკველიამ ააცილა ბურთი კარს, ხოლო შემდეგ ლეონარდოს აუღო კვასხვაძემ. თავის მხრივ ზესტაფონელებმა ყველა დარტყმა ზუსტად შეასრულეს და თასსაც დაეუფლენ.

    რახან შეხვედრაზე დიდი არაფერია მოსაყოლი, ორიოდე სიტყვით თავად გუნდებში ზამთრის შესვენებისას მომხდარ ცვლილებებზე ვიტყვი.

    დილათი დავიწყოთ:

    გუნდი ერთბაშად ათზე მეტმა ფეხბურთელმა დატოვა – ეს ის შემადგენლობა აღარაა, რომელიც ევროპის ლიგაში ჯგუფურ ეტაპის საგზურისთვის იბრძოდა.

    ახალბედებისგან კი დაცვის ცენტრში ქუთაისიდან გადმობარგებული კვახაძე იდგა, ხოლო ნახევარდაცვაში აქამდე მეტალურგში მობურთალი ირაკლი მაისურაძე თამაშობდა.

    ზესტაფონში კი სანტანდერის რასინგის ყოფილ ფეხბურთელის ორიოლის დებიუტს გამოვარჩევდი, ვინც საიმედოდ ითამაშა დაცვაში. საყრდენ ნახევარმცველად ბულგარელი პეტკოვი იყო, საკმაოდ ხისტად მოთამაშე მეტოქეს არ ახარებდა. მაგრამ აი პასების დარიგებისას საკმაოდ ცოდავდა. ხოლო ცენტრფორვარდად ზუგდიდურ გუნდიდან გადმობირებული ლევან კუტალია იდგა.

    კიდევ ერთ ახალბედას, აქამდე ესპანურ სარაგოსას დუბლებში მოთამაშე ალჟირელ მუჰამედ რეკრუკს, თამაშის საშუალება არ მისცემია.

Written by zvigena

თებერვალი 25, 2013 at 23:17

ჯაბა დვალი

leave a comment »

    ჯაბამ კარიერა თბილისის დინამოში დაიწყო და ქართულ უმაღლეს ლიგაში 18 წლის ასაკში 2003/04 წლების სეზონში ჰქონდა დებიუტი. მან დინამოში რამოდენიმე სეზონი ითამაშა, პერიოდულად კი სხვადასხვა მეორეხარისხოვან ქართულ გუნდებშიც ანათხოვრებდნენ. ახალგაზრდა ფორვარდისთვის ადვილი არ იყო ქვეყნის რანგით პირველ კლუბში ფეხის მყარად მოკიდება.

    2007/08 სეზონში უცხოეთს მიაშურა, კერძოდ მოლდოვას, სადაც ორი სეზონი დაყო, რის შემდეგაც ისევ საქართველოში მობრუნდა – ოღონდ ამჯერად ილია კოკაიას ზესტაფონში, სადაც გელაშვილის მხარდამხარ მალე გადაიქცა გუნდის წამყვან დამრტყმელ ძალად.

    ჯაბა ჩემპიონატის შეხვედრების გარდა უფრო მაღალი რანგის ევროტურნირებზეც მუდმივად შედეგიან თამაშს აჩვენებდა. განსაკუთრებით კი 2011/12 სეზონში იყოჩაღა, როცა 20 გატანილი ბურთით ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლე გახდა. გულშემატკივარი ნელნელა მის ნაკრებში მიწვევაზე ალაპარაკდა.

    ნაკრების თავკაცი კი მის ამ შედეგიან თამაშს იგნორირებას უწევდა. არადა იმის ფონზე, რომ ნაკრებში სწორედ გამტანი ფორვარდის მწარე დეფიციტია არველაძის წასვლის შემდეგ.

    ამასობაში კი ჯაბა ჩვენი ჩემპიონატისთვის აშკარად გადაიზრდა. ასეთი დონის ფორვარდი ბევრ უფრო ძლიერ პირველობის კლუბსაც დაამშვენებდა და ნელნელა აშკარა ხდებოდა ის ფაქტი, რომ კოკაიას ძლიერ გაუჭირდებოდა მისი შენარჩუნება.

    მის ზესტაფონიდან წასვლას მორიგ ევროსეზონის პირველსავე ეტაპზე ნეფჩთან მწარე წაგებამაც შეუწყო ხელი და მალევე დაირხა ხმები, დვალი ალბათ აზერბაიჯანში წავაო.

    ამ ინფორმაციის წაკითხვამ გული საშინლად დამწყვიტა – არ მემეტებოდა ჩვენი ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლე (და იქნებ მოთამაშეც?!) აზერბაიჯანულ ლიგისთვის. ბოლო ბოლო დვალი სწორედ ის იშვიათი ფეხბურთელია, ვისი თამაშის ხილვისთვისაც ჩვენ ჩემპიონატზე დასწრება ღირს.

    და ბევრი ქართველი გულშემატკივრის გასახარად მან არჩევანი, აზერბაიჯანში წასვლის ნაცვლად, თბილისის დინამოს სასიკეთოდ გააკეთა და მრავალი წლის შემდეგ თავის მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა (არადა მეზობლებში სავარაუდოდ გაცილებით მსუყე ხელფასს შეპირდებოდნენ).

    გარდა კარგი ფეხბურთელობის, არ შეიძლება არ აღინიშნოს მისი პიროვნული თვისებები, გამართული მსჯელობა და საქმისადმი სწორი მიდგომა. მან ერთ–ერთ ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა მიზეზებზე, თუ რატომ არჩია საქართველოში დარჩენა, თუ როგორ მნიშვნელოვანია მისთვის სწორედ რომ ქართული გუნდის შემადგენლობაში მიაღწიოს წარმატებას ევროსარბიელზე.

    ბევრი მის ადგილზე გაღიზიანებული ისაუბრებდა ნაკრების თემაზე – მაგრამ ჯაბა აქაც გონიერებას იჩენს და როგორც კარგი დიპლომატი გაწონასწორებულ განცხადებას აკეთებს – გულით მინდა გამომიძახონ, მაგრამ ალბათ თავად ვაკლებ რაღაცას და ვეცდები უფრო მეტი ვიშრომო, რომ ნაკრებში დამიძახონო.

    მოედანზე კი, გარდა იმის რომ გოლის გატანის საოცარი ალღო აქვს, არ არის მხოლოდ კარზე დაგეშილი ეგოისტი ფორვარდი – ხშირად შეუძლია კარგი ასისტენტობაც გაწიოს და პარტნიორსაც გაატანინოს. ასეთი მოთამაშეს კი უბრალოდ ფასი არ აქვს – როცა კაცი გუნდურადაც თამაშობს და საჭირო მომენტში საჭირო გოლებსაც იტანს.

    უკვე აღარანაირი ახსნა არ ქონდა ქეცბაიას ქცევას, როცა აგერ კარს მომდგარ ეგვიპტესთან გასამართ ამხანაგურ მატჩზეც არ უხმო დვალს. კაცი ჩემპიონატში მოედნიდან გოლის გატანის გარეშე არ გამოდის, 11 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და ნუთუ ამხანაგურშიც არ იმსახურებდა შანსის მიცემას?

    ქეცბაიამ ინტერვიუში გადაკვრით თქვა – არანაირი ჯინი არ მჭირს ამ კაცის, ასე ვთვლი სწორად და ასე ვიქცევიო.

    მერე კი ზოგი ჭირი მარგებელიაო და ეგვიპტესთან ტრამვის და სხვა მრავალი მიზეზით იმდენი კაცის თამაში გამოირიცხა, რომ დანაკარგის შევსებისას უკვე ვეღარ გაუწია დვალს იგნორირება და ბევრი გულშემატკივრის გასახარად ჯაბას ნაკრებში თამაშის შანსი მიეცა!

    მისი საქმისადმი სწორი მიდგომა, ჟინი და ნიჭი კი უდაოდ მაძლევს იმის იმედს, რომ ქვეყნის მთავარ გუნდშიც არ შეირცხვენს თავს და უახლესი მომავლის ნაკრებისთვის სასარგებლო ფორვარდად იქცევა!

    წარმატებები

Written by zvigena

ნოემბერი 14, 2012 at 00:25

Posted in პერსონები

Tagged with

Fin – Geo 1:1

leave a comment »

    მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, კუთხურიდან გამართლების ხარჯზე გოლი გავიტანეთ და ანგარიში გავხსენით. მერე რამოდენიმე წუთში ერემენკო შეცდა – უაზროდ ხელით ითამაშა, მეორე ყვითელი მიიღო და ფინები ათი კაცის ამარა დარჩნენ.

    თითქოს ყველაფერი იდეალურად აეწყო – ანგარიში გავხსენით, მასპინძლები კაცნაკლულნი დარჩნენ და წესით შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა არ უნდა გაგვჭირვებოდა.

    მაგრამ კიდევ რამოდენიმე წუთმაც ჩაიარა და ჩვენი დაცვა–მეკარე უხეშად შეცდა. მოკლედ უწყინარ სიტუაციაში ფინებს ანგარიშის გაყაიმების საშუალება მივეცით 1:1.

    ამის შემდეგ კი ავფაფხურდით, ჯანომ კარგი ჯარიმა შეასრულა, რამოდენიმე ნახევარმომენტიც შევქმენით. მაგრამ ჩვენი შეტევაში თამაში არ იყო ისეთი, თვალს რომ გაახარებდა და შედეგის მომტანიც იქნებოდა.

    ამ დროს არც ფინები იყვნენ გულზეხელდაკრეფილნი – ფიზიკურად გვჯობნიდნენ და კაცნაკლულებმა პრესინგიც კი დაგვიწესეს – ბურთს იოლად არ გვითმობდნენ. ჩვენი გუნდი მეორე ტაიმში აშკარად დაიღალა, მოძრაობას და სწორ პასებს ვუკელით და ვერ შევირგეთ ის უპირატესობა, რაც გოლის გატანით და კაცის გაძევებით მივიღეთ.

    ნაკრებს აკლია ლიდერი, ვინც გუნდის შეტევებს წარმართავს და ჭკვიანური პასებით შემტევებს მოამარაგებს. ანანიძე, კობახიძე, თარგამაძე, ოქრიაშვილი ყველა კარგი, იმედისმომცემი მოთამაშეა, მაგრამ ამ ეტაპზე გუნდში აშკარად ვერ წევენ ლიდერობას.

    კობიაშვილი, რომელიც თან დისკვალიფიცირებულია და თან ქეცბაისთან სავარაუდოდ კომფლიქტი მოუვიდა (ანუ არც მერეა შანსი მისი ნაკრებში დაბრუნების) ჩემი აზრით გუნდისთვის ჯერაც სასურველი მოთამაშეა, თავის თავდადების და გამოცდილების ხარჯზე. სწორედ მისი ყაიდის მოთამაშე აკლია ამ ფორმაციის ნაკრებს.

    ასევე გაუგებარია მწვრთნელის მხრიდან დვალის იგნორირება, ვინც ეროვნულ ჩემპიონატში გოლს გოლზე იტანს და აშკარად მაღალი დონის ფორვარდია, ვისი თამაშიც ნაკრებს უდაოდ გამოადგებოდა. მაგრამ ქეცბაიას შეხედულებები ხშირ შემთხვევაში ძნელად გასაგები ხდება და თავადაც არ ლაპარაკობს ამ თემაზე, რომ გულშემატკივარმა იცოდეს რას ფიქრობს ეს კაცი სარეთოდ.

    მოკლედ ჯამში კი იმის თქმა მინდა, რომ შეხვედრაში ისე განვითარდა მოვლენები, ყოველივე ამის შემდეგ ამ ფრეს ნაკრებს აქტივში ვერანაირად ვერ ჩავუთვლით – უფრო რომ ორი ქულა ქარს გავატანეთ და დავკარგეთ.

    ოთხ დღეში ბელორუსებს ვეთამაშებით და ასეთი ფეხბურთით მინსკში კიდევ უფრო გაგვიჭირდება.

Written by zvigena

ოქტომბერი 13, 2012 at 01:18

Geo – Cro 1:1 (U21)

leave a comment »

ეს შეხვედრა დიდ არაფერს წყვეტდა. ტრიბუნაზე სულ ათასამდე კაცი თუ მოგროვდა და უინტერესო შეხვედრაც იხილა. ღირებული, რაც გუნდებმა შექმნეს, ორი გატანილი გოლი იყო – ჯერ სხირტლაძე შეიჭრა კარგად საჯარიმოში და მომენტი გოლად აქცია, ხოლო შემდეგ უკვე ხორვატებმა გაგვიტანეს შორეული დარტყმით ლამაზი ბურთი.

დროის დანარჩენი მონაკვეთი კი შეტევაში არაფერი საინტერესო არ ხდებოდა და ტრიბუნაზე თავმოყრილმა მცირერიცხოვანმა მაყურებელმაც გვარიანად მოიწყინა.

ქართველების წყობაზე რომ ვთქვათ – გაუგებარი იყო პაპავას მარცხენა ფლანგზე დაყენება – ეს კაცი გამოკვეთილი საყრდენია და ფლანგზე სადღაც ჩაკარგული იყო. ბურთს ტრადიციულად ზედმეტს ათრევდა მარჯვენა ფლანგზე მოთამაშე ჭანტურია.

ვერაფრით ივარგეს შეცვლაზე შემოსულმა ჩაფიძე–გაბაშვილმა. მათი თამაშის შემხედვარე კითხვაც კი გაჩნდა – რამდენად იმსახურებენ ეს ბიჭები ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებას. ამის ფონზე გაუგებარია ყაზაიშვილს რატომ არ მიეცა თამაშის საშუალება.

მოკლედ ისეთი უინტერესო შეხვედრა ვიხილე, კარგის დიდი არაფრის დაწერა არ შემიძლია და თავს მხოლოდ იმით თუ დავიმშვიდებთ, რომ შეხვედრის შედეგი მნიშვნელოვანი არ იყო და გუნდმაც მოტივაციის გარეშე სათანადო ფეხბურთი ვერ აჩვენა.

ჭანტურია კი სერიოზულად უნდა დაფიქრდეს – თუ გუნდური თამაში ვერ ისწავლა, მარტო ნიჭის ხარჯზე არ მგონია დიდ წარმატებებს მიაღწიოს. მისი თამაში უბრალოდ გულის ამრევი იყო.

Written by zvigena

აგვისტო 15, 2012 at 21:41

აგვისტო და ევროსეზონი

leave a comment »

    ზესტაფონი – ეს გუნდი დღეს დღეისობით ყველაზე გამართული კლუბია საქართველოს მაშტაბით და შესაბამისად მისგან მეტს ველოდით, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის პირველსავე ეტაპზე გამოთიშვას – არადა სულ მცირე ნეფჩის გავლა ევროპის ლიგის დასკვნით ეტაპზე (ჯგუფურამდე ეს ეტაპი უკვე ძირითად ტურნირად ითვლება) თამაშის გარანტიას იძლეოდა.

    მაგრამ პირველ შეხვედრაში დაცვის საშინელმა თამაშმა გუნდს ბაქოური ბარიერის გადალახვის შანსი მოუსპო. მართალია მეორე შეხვედრის პირველსავე ოც წუთში 2–0 წავიყვანეთ ანგარიში და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ შეიძლებოდა ამ ეტაპის გადალახვა, მაგრამ ძაან მალე დაცვა ისევ ჩავარდა და სულ სამი კაცით შეტევაზე გადასულ ბაქოელებს გოლის გატანის საშუალება მიეცა. მერე მეორეც გაგვიტანეს და გაჩენილი იმედი მალევე ჩაიფუშა და გაქრა.

    მეტალურგი – ამ გუნდმა პირველ ეტაპზე სასიამოვნოდ გაგვაკვირვა და ალბანურ ტეუტას ჯამში 9–1 მოუგო, ფეხბურთიც ლაღი და თვალსასეირო აჩვენა.

    შემდეგი მეტოქე კი ბევრად ძლიერი ვიქტორია პლზენი იყო, თან გუნდის ორი ლიდერი კვარაცხელია და თექთურმანიძე დინამოსგან არენდით ყავდათ და ამ ეტაპის წინ თბილისელებმა მათი უკან დაბრუნება მოინდომეს და რუსთავული კლუბი ამით გვარიანად დაასუსტეს. კი თქვა კობა ჟორჟიკაშვილმა, არ მგონია ამ ორი ფეხბურთელის წასვლა გადამწყვეტი მნიშვნელობა ეთამაშაო, მაგრამ პირადად ვფიქრობ რომ სწორედაც რომ დაცვას კვარაცხელია, ხოლო შეტევას თექთურმანიძე საგრძნობლად დააკლდა.

    იქნებ გამოცდილი გივის ყოფნით მეტალურგის დაცვას ასე დაბნეულად არ ეთამაშა, ხოლო ტექნიკურ და სწრაფ თექთურმანიძეს ის სიმწვავე შეეძინა რუსთაველებისთვის, რაც შეტევაში მეტ ფხიან თამაშს გამოიწვევდა და ბრძოლის ხარჯზე 1–3 აღარ წაგვეგო სახლში.

    გასვლაზე 2–0 დავმარცხდით და რუსთაველებიც დაემშვიდობნენ ევროთასს. მინდა პლზენის სიძლიერე ავღნიშნო – მათ შემდეგ ეტაპზე პოლონური რუხი 7–0 დაიფრინეს ჯამში.

    ტორპედო – გუნდი აშკარად არ იყო ევროთასებისთვის მზად. გეგუჩაძემ აღებულ ვექტორს არც ევროსაგზურის მოპოვების გამო გადაუხვია – ერთბაშად ძლიერი ფეხბურთელების ყიდვას მოერიდა და ფონს გასვლა არსებული რესურსის ხარჯზე ცადა.

    აქტობეს, როგორც ყაზახურ გუნდს, ბევრი აგდებით უყურებდა – არადა ამ გუნდმა სინამდვილეში საკმაოდ დალაგებული ფეხბურთი აჩვენა, ჩვენს მერე მოლდოვური მილსამიც გამოთიშა და ბელგიურ გენკს კი ტოლ–სწორად ეთამაშა.

    ქუთათურებმა კი აქტობესთან მარცხის შემდეგ გუნდიდან 3–4 ვეტერანიც გაუშვა, რამოდენიმე ახალგაზრდა დაიმატა და მომავალის პერსპექტივაზე გათვლილი გუნდის შენება განაგრძო. გიამ იცის თავის საქმე და დარწმუნებული ვარ მალე ეს წლევანდელი მარცხი მცირე მაშტაბის წარმატებით მაინც ჩანაცვლდება.

    დილა – გაამართლა გორულ გუნდში ჩადებულმა ინვესტიციამ. ამ გუნდმა ჯერ საკმაოდ ძლიერი დანიური ორჰუსი დაიფრინა, თანაც ორივე შეხვედრას რომ აგებდა და საბოლოოდ 2–1, 3–1 ორთავეში იმარჯვა.

    დასაფასებელი გორელების ბრძოლის უნარიანობა – ძირითადის უმრავლეს ფეხბურთელს ხომ ნაკრებში თამაშის გამოცდილება უმაგრებს ზურგს და ეს გამოცდილება ხშირად გადამწყვეტი ფაქტორი ხდება.

    შემდეგი მეტოქე სახელიანი ანართოსისი იყო და თავიდან აქაც ყველაფერი ცუდად დაიწყო, როცა თბილისში ჯერ გოგუა გაგვიძევეს და ამას გაშვებული გოლიც მოყვა. გორელებმა ამის მერეღა შეძლეს ხიფათის შექმნა როცა ორჯერ გურულს მართებდა გატანა.

    საპასუხო შეხვედრაში კი პირველი ტაიმი არაფერ კარგს არ მოასწავებდა – მომენტიც არ შეგვიქმნია. აი მეორეში კი სულ სხვა დილა ვიხილეთ – ერთი სახიფათო მომენტი, მერე ხარიხას გარტყმული ბურთი და ბოლოს კი მიჯრით სამი მშვენიერი გატანილი გოლი (სიმართლე უნდა ითქვას – აქედან პირველი ოფსაიდიდან იყო). ამ ყველაფერმა მეტოქის გულშემატკივარი გააღიზიანა და მატჩი არეულობის გამო შეწყდა. გორელებს სავარაუდოდ ტექნიკური მოგება ჩაეთვლებათ. დღეს კი მათ მომავალ მეტოქის ვინაობას გავიგებთ.

    მოკლედ ეს ერთი კლუბი შეგვრჩა ევროსარბიელზე. შარშან ამ ეტაპზე ორი გუნდი გვყავდა და ვერცერთმა ვერ შეძლო ჯგუფში შეღწევა. იქნებ წელს გორელება შეძლონ ის, რაც შარშან დინამომ და ზესტაფონმა ვერ მოახერხეს.

Written by zvigena

აგვისტო 10, 2012 at 12:38

ჩვენი მომავალი ( I ნაწილი )

leave a comment »

ამ ჩანაწერში მინდა ჩვენთვის საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელების გვარები ამოვკრიბო, ვინც უკვე მოასწრო ნაკრებში თამაში, ანაც სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში გამოირჩევიან.

1.      ჯანო ანანიძე, 10/10/1992, სპარტაკი, მოსკოვი – ეს 19 წლის ტანით სუსტი ბიჭუნა ნამდვილი ტალანტია, მისი თამაშის ხილვა თვალს ახარებს, გონივრულ პასებს არიგებს, სისწრაფე და ტექნიკას არ უჩივის. მართალია მოსკოვის სპარტაკის ძირითადში ფეხი მყარად ჯერ არ აქვს მოკიდებულ, მაგრამ იმედია ასაკის მატებასთან ერთად სტაბილურობასაც მიაღწევს და საბოლოოდ ნამდვილ ვარსკვლავად ჩამოყალიბდება. ახლად დაწყებულ რუსეთის ჩემპიონატში მცირე ტრამვის შემდეგ პირველსავე შეხვედრაში, სადაც შეცვლაზე შევიდა, მშვენირი გოლი გაიტანა და იმედია მომავალ ტურებში უკვე სასტარტოშიც დააყენებენ.

2.      ლევან ყენია, 18/10/1990, უკლუბოდ – უმძმესმა ტრავმამ დიდი დაღი დაასვა ამ ახალგაზრდა კაცის კარიერას. შალკედან წამოსული ზაფხულში ზენიტში უნდა გადასულიყო, მაგრამ იქ დიდი გაუგებრობა მოხდა და ჯერაც ახალი წინადადების მოლოდინშია. მიუხედავად ყოველივე ამისა, ლევანი ჯერ მხოლოდ 21 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს, მთავარია უიღბლო პერიოდი უკან მოიტოვოს და აწი იმ კლუბში მოხვდეს, სადაც ენდობიან და სათამაშო დროს დაუთმობენ. მასზე ბევრს არ ვილაპარაკებ, მცირე ასაკის მიუხედავად ყველა კარგად იცნობს. რომ არა ტრამვა, დღესაც ნაკრების ძირითადი მოთამაშე იქნებოდა, სადაც უკვე 19 შეხვედრა და სამი გატანილი გოლი მოუგროვდა.

3.      ლევან მჭედლიძე, 24/03/1990, ემპოლი, იტალია – არც ლევანს წყალობს ბედი და მცირე ასაკის მიუხედავად, უამრავი ტრამვა გადაიტანა. აქედან ხშირად დაზიანებას სანაკრებო შეკრებისას იღებდა. თავიდან კი ყველაფერი კარგად დაიწყო – 17 წლის ასაკში ნაკრებში გამარჯვების გოლი გაუტანა სკოტებს, ხოლო საკლუბო დონეზე სადებიუტო სეზონში მისმა გოლმა პალერმოს იუვესთან მოაგებინა. შემდეგ საქმეები აეწეწა და ემპოლიში დაბრუნდა, სადაც აგერ უკვე მესამე სეზონს დაიწყებს სერია B–ში.
ლევანი ფიზიკურად მაღალი, ძლიერი და ამავე დროს ტექნიკური მოთამაშეა. იმედია ტრამვიანი წლები უკან მორჩება და ბოლოს და ბოლოს აჩვენებს იმ თამაშს, რითაც უფრო სოლიდური კლუბების ყურადღებას მიიქცევს.

4.      გიორგი ჭანტურია, 11/04/1993, ვიტესი, ჰოლანდია – ტექნიკური, სწრაფი ფეხბურთელი. ერთი სეზონი უკვე გაატარა ჰოლანდიურ უმაღლეს ლიგაში, სადაც 25 შეხვედრაში 4 გოლიც შეაგდო. მისი ერთადერთი პრობლემა ეგოისტური ხასიათია, არ უყვარს გუნდური თამაში, რაც საბოლოოდ პრობლემა ხდება – თანაგუნდელები აღარ ენდობიან. ეს კაცი თუ დაღვინდა და სწორად მიმართა თავის ტალანტი, მალე ნამდვილ ვარსკვლავს მივიღებთ. ალბათ შორს არაა ის დრო, როცა გიორგის ნაკრებშიც ვიხილავთ.

5.      ვალერი ყაზაიშვილი, 29/01/1993, ვიტესი, ჰოლანდია – ვალერი, ჯერ კიდევ 16 წლის რომ იყო, მაშინ ვიხილე ჩვიდმეტწლამდელების ნაკრებში და იქიდან მახსოვს ამ ბიჭის ჭკვიანური, დალაგებული თამაში. გიო ჭანტურიაზე არანაკლებ ტალანტი. თან დიდი პლუსი ის აქვს, რომ სწორად მოაზროვნე ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც ხშირად უმთავრესი თვისებაა, კარგ მოთამაშედ რომ ჩამოყალიბდე. წინა სეზონში სულ რამოდენიმე თამაში ჩაატარა ვიტესის შემადგენლობაში და ერთი მშვენიერი გოლიც შეაგდო. იმედია წელს მეტი სათამაშო დრო მიეცემა.

6.     დავით თარგამაძე, 22/08/1989, ილიჩივეცი, უკრაინა – 22 წლის სწრაფი გარემარბი. ბოლო ორი წელია უკრაინის უმაღლეს ლიგის გუნდებში სტაბილურად ძირითადში თამაშობს. რაც მთავარია შრომისმოყვარე მოთამაშეა და მუდამ პროგრესირებს. ნაკრებში უკვე ძირითადის მოთამაშედ ყალიბდება, სადაც ბოლო შეხვედრებში ორი გოლის გატანაც მოახერხა.

7.     დავით სხირტლაძე, 16/03/1993, ორჰუსი, დანია – ჭკვიანი, ტექნიკური შემტევი. დევდარიანის დროინდელ U17 ნაკრებში გამოიჩინა ჯერ კიდევ თავი. ბოლო ორი წელია დანიურ ორჰუსშია, სადაც გასული სეზონის ბოლოსკენ საკმაოდ სათამაშო დრო დაუთმეს. მშვენიერი ადგილია გასავითარებლად. მისი მოედანზე აზროვნება და ტექნიკა მხოლოდ მოწონებას იმსახურებს. მოკლედ დიდი იმედი მაქვს ამ ბიჭის.

8.     ნიკა ძალამიძე, 06/01/1992, იაგელონია, პოლონეთი – 20 წლის ასაკში ურიგო ნადმვილად არ არის პოლონურ უმაღლეს ლიგაში თამაში. სასტარტოში სტაბილურად ათამაშებენ, რაც ფეხბურთელის წინსვლისთვის გადამწყვეტი ფაქტორია. იმედია უფრო ძლიერ ლიგაშიც მოახერხებს სამომავლოდ გადასვლას და ნელნელა ნაკრებისთვისაც სასარგებლო ფეხბურთელი გახდება, სადაც ჯერ მხოლოდ რამოდენიმე წუთი თუ აქვს ნათამაშევი.

9.     თორნიკე ოქრიაშვილი, 12/02/1992, ილიჩივეცი, უკრაინა. ეს შემტევი გაბელიას ახალგაზრდულ ნაკრებში გამოჩნდა და მშვენიერი ტექნიკის მიუხედავად, ზედმეტი ბურთის თრევის სიყვარულით გამოირჩევა, რაც გუნდს საბოლოო ჯამში აზარალებს. უკრაინის შახტარში გადასული ილიჩივეცში გაანათხოვრეს, სადაც ორი სეზონი საკმაოდ მცირე დროს უთმობდნენ. მაგრამ ახლად განახლებულ მორიგ სეზონში ზედიზედ ოთხი თამაში 90 წუთი ითამაშა, თანაც ფორვარდის პოზიციაზე (აქამდე ხშირად შემტევ ნახევარმცველს ან ფლანგელს დამაშობდა). ეს კი მის ზრდას მიუთითებს. უფრო დაღვინებული მოთამაშის შთაბეჭდილებას ტოვებს და ფიზიკურადაც მოღინიერდა. ნელნელა ნაკრებშიც გახშირდა მისი გამოძახება და თუ ასე გააგრძელა, ნამდვილად სასარგებლო ფეხბურთელი გახდება.

10.     ირაკლი შეყილაძე, 17/09/1992, ემპოლი, იტალია – ჯერაც ძაან ახალგაზრდა პერსპექტიული თავდამსხმელი. წინა სეზონში თასის თამაშზე ფიორენტინას შეუგდო გოლი, მაგრამ თავად სერია ბ–ში სულ ერთი თამაში ათამაშეს. იმედია წელს ნელნელა ძირითად გუნდში დაიწყებს ფეხის მოკიდებას.

გაგრძელება იქნება..

Written by zvigena

აგვისტო 7, 2012 at 15:56

ნეფჩი – ზესტაფონი 3:0

leave a comment »

    სწორად აღნიშნა მატჩის შემდეგ ინტერვიუში დავით მუჯირმა – “დღეს ნეფთჩის არ მოუგია, ზესტაფონმა წააგო”.

    მართლაც, ალბათ მთელი სეზონი გაივლის და გუნდი ჯამში არ დაუშვებს დაცვაში ამდენ ელემენტარულ შეცდომას, რამდენიც ეს ბაქოურ შეხვედრაში “მოახერხა”. ორი სულელური კონტრიერიში, სადაც ჩვენი დაცვის ხაზი აშკარად ჩავარდა და მეტოქეს ფეხბურთელს საშუალება მისცა მეკარესთან ერთი–ერთზე გასულიყო. ამას ორი წუთის ინტერვალით ორი გოლი მოყვა და გუნდიც მოიშალა.

    არადა ბაქოური გუნდი არაა ის ძალა, რომელის მორევაც გადაუჭრელი ამოცანაა. ასეთი ბავშვური შეცდომების გარდა ჩვენებურები ნეფჩის ტექნიკით და ბურთის გორებით აღემატებოდნენ და ქონდაც კიდეც გასატანი მომენტები. მენთეშაშვილის შორეული გასროლა ხარიხამ აისხლიტა, ხოლო რამოდენიმე მომენტში ჩვენმა შეტევამ ვერ ივარგა დამაგვირგვინებელ ფაზაში.

    მეორე ტაიმში კობახიძემ კიდევ ერთი უპატიებელი შეცდომა დაუშვა, როცა თავით მეკარის ნაცვლად მეტოქეს დაუგდო ბურთი და მანაც საჩუქარი შეირგო და მესამე გოლი გაგვიტანა. ამ ანგარიშით კი წარმოუდგენელი ხდება ამ ეტაპის დაძლევა, სასწაული თუ გვიშველის.

    თავს დავდებ ასი სხვა შემთხვევიდან, შეხვედრა ჩვენთვის სასურველი ანგარიშით დასრულდებოდა, მაგრამ მოხდა მოვლენების სწორედ ის, ყველაზე არასასურველი განვითარება და აგერ შედეგიც.

    საწყენია ბაქოელების ულამაზო ბაქი–ბუქს ასე წაგებული ანგარიშით საფუძველი ჩვენვე რომ გავუმყარეთ და მათ საქილიკოდ გავხადეთ თავი. არც ჩვენ გვიდგას კარგი დრო, მაგრამ აზერბაიჯანულ ფეხბურთს, ჩვენთან შედარებითაც კი ჯერ ჯერობით სიტყვაც კი არ აქვს სათქმელი.

    მაგრამ ნელნელა იქ ჩადებული მილიონები თავის რეზულტატს მოიტანს და დღეს თუ ვიძახი რომ მათ არაკანონზომიერად დაგვიჩაგრეს ჩვენი ჩემპიონი, რამოდენიმე წელში, თუ ჩვენც არ ავყევით მსოფლიოს ტემპში და არ განვითარდით, მერე უკვე კანონზომიერადაც მოგვიგებენ მეზობლები და ერთი ეტაპის გადალახვაც საოცნებოდ გაგვიხდება.

Written by zvigena

ივლისი 19, 2012 at 15:54

შემდეგ ეტაპზე მინუს ერთი გუნდით

leave a comment »

აქტობე–ტორპედო 1:0

    განმეორებით შეხვედრაში კარგად გამოჩნდა, რომ ამ ეტაპზე აქტობე ტორპედოზე გაცილებით კარგი გუნდია – ყაზახები მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდნენ, უამრავი საგოლე მომენტი შექმნეს და ერთ გოლზე მეტი რომ ვერ გაიტანეს, ეს ცალსახად მეკარე მიგინეიშვილის დამსახურებაა, ვინც ათობით ძნელი ბურთი მოიგერია.

    ცუდი სანახავი იყო ასე უსუსურად მოთამაშე ქართული გუნდი. ყაზახების შემტევი ბიკმაევი სისხლს უშრობდა ჩვენს დაცვას და ლამაზი გატანილი გოლის გარდა, მრავალი სხვა ხიფათიც შექმნა ჩვენს კარებთან.

    იმედია ეს შეხვედრა კარგ გაკვეთილად გამოადგებათ ქუთაისლებს და ცოტა გუნდის გაძლიერებაზეც იზრუნებენ – გამოჩნდა, რომ ამ რესურსით ევროპულ საშუალოზე დაბალი დონის გუნდებთანაც კი ძალიან გვიჭირს თამაში.

მეტალურგი–ტეუტა 6:1

    საპირისპირო სიტუაცია იყო მეტალურგის შემთხვევაში. ტეუტა რომ ვერაფერი გუნდია, ეს გუშინდელ მატჩში კარგად გამოჩნდა, თუმცა ამის ფონზეც რუსთაველთა ლაღი თამაში და დიდი ანგარიშით გამარჯვება მაინც ძალიან სასიამოვნოა.

    გუნდი ბოლო წლებია ძველებური სიხშირით აღარ იცვლის კონტინგენტს, ბირთვი როგორც იქნა ჩამოყალიბდა და მწვრთნელიც რიგიანი ყავთ. ეს ყველაფერი კი, რათქმაუნდა, წარმატების წინაპირობა ხდება.

    აღსანიშნავია თექთურმანიძე, რომელმაც ორი ერთმანეთზე ლამაზი გოლი გაიტანა, რასაც ტატანაშვილის დუბლი, გეწაძე–მიქაბერიძის თითო–თითო გატანილი ბურთი მოყვა და ანაგარიშიც გამანადგურებელი დაფიქსირდა.

    მთლიანად რუსთაველები აზრიან, ლაღ კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობდნენ, რაც საცქერად ძაან სასიამოვნო იყო. ამ ყველაფერს მესხზე არსებული კარგი მოედანიც უწყობდა ხელს (საქართველოში კი ვართ მსგავს რამეს მონატრებული, ბოლო წელი თუა, ამ მხრივ სიტუაცია რომ გაუმჯობესდა).

    საინტერესოა დინამოს ხელმძღვანელობა რას ფიქრობს, როცა მათ მიერ წინა სეზონში დაწუნებული თექთურმანიძე–ტატანაშვილი–კვარაცხელიას ტრიოს შესცქერის. ეს სამეული ნებისმიერ ქართული მაშტაბით ძლიერ გუნდს დაამშვენებდა.

    ტატანამ ორი გოლი ხომ გაიტანა, არც გონივრულ პასებს აკლებდა და დაბრძენებული ფორვარდივით, როცა მომენტი იყო, მიუხედავად იმის რომ გუნდი ასე იგებდა, არ ცდილობდა ბურთი ეთრია და სადაც საჭირო იყო, პარტნიორს პასს არ უგვიანებდა.

    საინტერესოა ბევრად ძლიერ პლზენთან ეს კონტინგენტი თავს როგორ წარმოაჩენს.

    წარმატებები!

Written by zvigena

ივლისი 13, 2012 at 13:23

ევროსეზონი 2012–13

leave a comment »

    გასულ ხუთშაბათს სტარტი ევროპის ლიგის გათამაშებამ აიღო და ჩვენი კლუბებიც პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთნენ ტურნირში. ქუთაისის ტორპედო ყაზახურ აქტობეს დაუპირისპირდა, ხოლო რუსთავის მეტალურგი ალბანურ ტეუტას.

    ევროსარბიელის მატჩს ქუთაისი ბოლო შვიდი წლის მანძილზე პირველად მასპინძლობდა და მოლოდინიც დიდი იყო. თავადაც არ დავიზარე და თბილისიდან ქუთაისს ვესტუმრე.

    ბილეთის ფასი სულ რაღაც 3–დან 7 ლარამდე მერყეობდა, მაგრამ არ იყო დანომრილი. სტადიონზე ერთი საათით ადრე მისულებს ტრიბუნაზე ხალხი კანტიკუნტად დაგხვდა, მაგრამ დაუნომრავი ბილეთის გადამკიდე დასაჯდომად მაინც გაგვიჭირდა ნორმალური ადგილის შერჩევა. მერეც ბევრი გაუგებრობა მოხდა – დაგვიანებით მოსული ხალხი თავის კუთვნილ ადგილს ითხოვდა, რომელიც, რათქმაუნდა, შედარებით იაფფასიანი ბილეთის პატრონებს უკვე დიდი ხნის წინ შეევსოთ.

    შეხვედრა დაიწყო და მალევე გამოჩნდა ქუთათურებს დიდი ჯაფა დაადგებოდათ. აქტობე კარგად აგორებდა ბურთს და საწყისს წუთებში უპირატესობას დაეუფლა კიდეც.

    მატჩს წვრილად არ ავღწერ, ვისაც სურდა კი იხილა ტელევიზიით, ან საგაზეთო მიმოხილვას წაიკითხავდა. მოკლედ კი ვიტყვი, რომ შეხვედრამ მოლოდინი ვერ გაამართლა – მოჩვენებით უპირატესობას, რომელსაც ნელ ნელა ქუთაისელები დაეუფლენ, მხოლოდ ერთი გატანილი გოლი მოყვა. საპასუხოდ კი დაცვა ხშირად უხეშად ცდებოდა. ბოლოს სტუმრებმა აღარც გვაპატიეს და საპასუხო გოლი გაგვიტანეს, რითაც ჩვენთვის საკმაოდ არასასურველი ანგარიში 1:1 დააფიქსირეს.

    მაყურებელი გუნდით უკმაყოფილო იყო, განსაკუთრებით დოლიძის არეული თამაში აღიზიანებდათ და ასევე ტლანქად მობურთალი გოცირიძე. მეორე ტაიმში ვალერი ბოლქვაძის შემოსვლამ შეხვედრა ცოტა კი გამოაცოცხლა, მაგრამ ეს ცდა, რამე შეცვლილიყო შეხვედრის ხასიათში, ცოტა დაგვიანებული აღმოჩნდა.

    ძნელია, განმეორებით შეხვედრაში ქუთათურთა წარმატება ივარაუდოს კაცმა – გუნდი სეზონს ახლა იწყებს და აშკარად ფორმაში არაა. საპირისპიროდ ყაზახეთში შუა გახურებული სეზონია და მართალია არც აქტობე წყვიტავს ციდან ვარსკვლავებს, მაგრამ გუნდი აშკარად ჩვენებზე უფრო გააზრებულ და მოძრავ ფეხბურთს თამაშობს.

    ტორპედოსგან განსხვავებით რუსთაველებმა სასიამოვნოდ გაგვაკვირვეს და მართალია სუსტ ალბანელებთან, მაგრამ მაინც, გასვლაზე 3:0 მოიგეს და შემდეგ ეტაპზე ადგილიც დაიბევეს.

    განმეორებითი შეხვედრები 12 ივლისს გაიმართება. რუსთაველები საშინაო არენის ნაცვლად მიხელ მესხზე დაუხვდება მეტოქეს. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება. იმედია ქუთათურებიც გამოიჩენენ ცოტა მეტ ფხას – ეს ეტაპი რომ დაძლიონ, კიდევ უფრო სუსტი მოლდოვური მილსამი ელით და ამასობაში იქნებ ფორმაც აკრიფონ და ჩვენი საზომით წარმატებული გამოსვლით გაგვახარონ ახლად დაწყებულ ევროსარბიელზე.

ესეც წინა სამატჩო სიტუაციაზე მცირე ვიდეო კადრები

Written by zvigena

ივლისი 10, 2012 at 11:13

Georgia – Turkey 1:3

leave a comment »

    ნაკრებმა წელს მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და გვარიანად გადახალისებულ თურქეთთან 1–3 წააგო.

    პირველ ტაიმში ორი ბურთი გავუშვით, ორივე მცველების ცუდი თამაშის შედეგად. დაცვის ცენტრი და ფლანგზე მოთამაშე ლობჟანიძე აშკარად არ იდგა მოწოდების სიმაღლეზე. წინ კი ვერაფერი შევქმენით. კვლავ ეფექტის გარეშე ირჯებოდა ჩვენი ცენტრფორვარდი დვალიშვილი.

    ჩვენი ნაკრების შემხედვარე იყო შიში დიდი ანგარიშითაც წაგვეგო. მაგრამ საბედნიეროდ მეორე ტაიმში ცვლილებებმა შედეგი გამოიღო და გუნდმა გაცილებით კარგი თამაში აჩვენა.

    ლობჟანიძის თამაში აშკარად არ პასუხობს ნაკრების დონეს – მეორე ტაიმში მის ნაცვლად კაშია დადგა დაცვის მარჯვენა ფლანგზე, ხოლო საყრდენი პოზიციიდან დაცვის ცენტრში გადაინაცვლა ხიზანიშვილმა (სადაც ჩემი აზრით ბევრად პროდუქტიულია ეს კაცი), საყრდენად კი დაუშვილი გამოვიდა. ეფექტის გარეშე მებრძოლი დვალიშვილი მჭედლიძემ ჩაანაცვლა, ვინც გაამწვავა კიდეც შეტევაში თამაში.

    შედეგი მალევე ვნახეთ, როცა გელაშვილის პასი კანკავამ გონივრულად გაატარა და თარგამაძე ფაქტიურად მეკარეს შეატოვა, მანაც დაბალ კუთხეში გაიტანა და ანგარიში 1–2 გახადა. იქვე ანგარიშის გაქვითვის ძაან რეალური შანსი მოგვეცა – სტანდარტულიდან ამისულაშვილის დარტყმა მეკარემ ცუდად მოიგერია, დამატებაზე კი მჭედლიძემ ითამაშა, მაგრამ ძლიერი დარტყმული მეტოქის კიპერს სახეში მოხვდა და ბურთი კუთხურზე გადავარდა.

    შემდეგ ბურთზე კონტროლი ისევ თურქებმა იგდეს ხელთ და მსაჯის ცოტა არ იყოს საეჭვოდ დანიშნული პენალტის წყალობით სხვაობა ისევ ორ ბურთამდე გაზარდეს.

    შეხვედრის ბოლო საინტერესო მომენტი კი შეცვლაზე შემოსულმა ოქრიაშვილმა შექმნა, როცა საჯარიმოს გარედან ჰაერში აწეულ ბურთს ლაზათიანად ამოცხო და ლამაზი ტრაექტორიით კარისკენ გაგზავნა – თითქოს ბურთი ცხრიანში უნდა შეფრენილიყო და ულამაზეს გოლს წინ აღარაფერი ეღობებოდა, მაგრამ ასევე შეცვლაზე შემოსულ მეკარემ (მჭედლიძის დარტყმულის სახით მოგერიება, ძირითად კიპერს ნოკაუტად დაუჯდა) ლამაზი ნახტომით დიდებული სეივი გააკეთა.

    მეორე ტაიმით თუ ვიმსჯელებთ, გუნდი ნორმალურ ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ ასეთი თამაში მთელი 90 წუთის მანძილზეა საჭირო და არა ეპიზოდურად, თუ რამის მიღწევა გვსურს. აშკარად გამოჩნდა, რომ დღეს მჭედლიძე ჩვენი #1 ფორვარდია, იმედია მისი ტრამვიანობა წარსულს ჩაბარდა.

    პრობლემურია დაცვის მარჯვენა ფლანგი, ლობჟანიძე აშკარად არაა სათანადო კადრი. და კიდევ კითხვა – ნაკრები უკვე იაშვილი–კობიაშვილის გარეშე უნდა წარმოვიდგინოთ, თუ ჯერ კიდევ გააკეთებს ქეცბაია მათზე აქცენტს.

    უთამაშებლობის გამო ნაწყენი დარჩა ყენია, მისი ინტერვიუდან ისე ჩანდა, შეიძლება პრობლემა გახდეს მისი შემორიგება. ასევე საკმაო რიცხვია ფეხბურთელების, ვინც ქეცბაიამ უკვე მოიმდურა. ეს ყველაფერი კი საკმაოდ დიდ პრობლემად დაგროვდა და გამოსავლის პოვნაა საჭირო.

    წინ კი მხოლოდ ლუქსემბურგთან დარჩენილი ერთი ამხანაგური მატჩია და მერე მძვინვარე მეტოქეებთან ჭიდილი ესპანეთ–საფრანგეთის სახით. არის კი დრო და რესურსი იმისთვის, რომ ნაკრები ღირსეულად დაუხვდეს ასეთ მეტოქეებს?! დღეს როგორც მოჩანს, ამის იმედი ნაკლებად უნდა გვქონდეს ქომაგს.

Written by zvigena

მაისი 26, 2012 at 14:26