გია გეგუჩაძე
გია გეგუჩაძე – ეს ის იშვიათი ქართველი მწვრთნელია, რომლის მუშაობა სანახაობრივ ფეხბურთთან, პროგრესთან, და რაც მთავარია, ჯამში დადებით შედეგთან ასოცირდება.
მრავალი წელია აქტიურად ვადევნებ თვალს ქართულ ფეხბურთს და ჩემი სუბიექტური აზრით გია ბოლო პერიოდის საუკეთესო ქართველი სპეციალისტია. ვეცდები ჩემი აზრები შევკრა ამ პიროვნების შესახებ, თავიდან მივყვეთ, თუ რა როგორ იყო. ცოტას მერე ხალხის დამოკიდებულებაზეც ვიტყვი.
2004 წელი იყო, გია დინამოს მთავარ მწვრთნელად რომ მოვიდა, იმ დინამოსი, რომელსაც ქართული საზომით საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა თავმოყრილი. სულ თვეების წინ კი შუშაკის ხელმძღვანელობით “დსთ”–ს თასი ჰქონდათ მოგებული, რაც მცირე საქმე არაა.
პირველი, რაც თვალში მომხვდა, ეს საკადრო წმენდა იყო – ისეთი ხალხი დაითხოვა გუნდიდან, ვინც მაშინდელი დინამოს ლიდერებად ითვლებოდნენ: ბურდული, დარასელია, გოგობერიშვილი – ეს ის მცირე ჩამონათვალია, ვისი ადგილიც გუნდში აღარ მოიძებნა.
სანაცვლოდ მოვიდნენ ბევრი იმ დროისთვის აბსოლიტურად უცხო მოთამაშე – შოთა გრიგალაშვილი, კახა ალადაშვილი, მიხეილ კაკალაძე. ეს ყოველივე უბრალო გულშემატკივრის თვალში გაოცებას იწვევდა.
Geo – Eng 10:41
რვაწლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის ტოპ–ნაკრებს ისევ შევხვდით და ჩვენი გუნდის წინსვლა თვალშისაცემია – მსოფლიოს ერთ–ერთ ლიდერ ნაკრებს ლამის ტოლ–სწორად ვეთამაშეთ და ანგარიში ბოლომდე ობიექტურად არც ასახავს მოედანზე განვითარებულ მოვლენებს.
თამაშის დასაწყისში მალევე ინგლისმა ჩვენი ხაზის შეცდომით ისარგებლა და ლელოთი დაწინაურდა – ამას არ დავუბნევივართ და მასიური შეტევა მოვუწყეთ მოწინააღმდეგეს. ინგლისელები ხშირად ჯარიმდებოდნენ, მაგრამ ამით ვერ ვიხეირეთ – მეკოს აშკარად ნერვებმა უმტყუვნა და სამი დარტყმული ჯარიმა გააფუჭა, აქედან ორი წესით იოლად გასატანი.
ინგლისმა შეცდომები არ გვაპატია და პასუხად კიდევ ერთი ლელო დაგვიდო – ბურთს ხელდახელ ლაღად ათამაშებდნენ და რაქის შემდეგ ჩვენ დაცვაში სამწუხაროდ გასაქცევ ხვრელსაც პოულობდნენ.
მანამდე კი ჩვენ სულ მცირედი დაგვაკლდა, რომ ასევე ლელოთი გვეპასუხა. აბუსერიძემ იომა ლომივით – მეტოქის შერკინების შემდეგ ბურთი ინგლისელთა ცხრა ნომერს ააწაპნა, კიდემდე კარგად ჩაათამაშა და მაჩხანელმაც სალელოოდ გაირბინა – მაგრამ როგორც ვიდეოგამეორებამ აჩვენა, მან ლელოს დადებამდე აუტის ხაზს შეახო ფეხი და შესაბამისად ხუთი ქულის აღების შანსიც მოგვესპო.
მერე თითო თითო გარდასახული ჯარიმა გავცვალეთ (მეკომ როგორც იქნა გაიტანა) და ტაიმის მიწურულს კარგადაც შევუტიეთ – მეტოქე კვლავ დაჯარიმდა საკუთარ ოცდაორში (კაციც გაუსიმბინეს), ჩვენებმა შერკინებით განაახლეს თამაში, ბასილაიამ ბურთი კარგადაც აიტაცა და ლელოს დადებაც მოახერხა. ანგარიში 17–10 გახდა და ტაიმი ასეც დასრულდა.
თუმცა ომით და დიდი ჯაფის ხარჯზე მიღწეულმა ამ შედეგმა თავისი უკუეფექტი გამოიღო – ბევრი მოთამაშე დაგველეწა და შეცვლების კეთება პირველ ტაიმშივე მოგვიწია. ხოლო მეორე ნახევრის ბოლო ფაქტიურად შეცვლების გარეშე ვითამაშეთ, რამაც თავის ნეგატიური გავლენა მოახდინა ჩვენი გუნდის თამაშზე.
ტერიტორიას და ბურთს ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვფლობდით, არ იყო ინგლისის მასიური შეტევები, ჩვენ ოცდაორში ბურთი თითქმის არ ტრიალებდა.
მაგრამ კლასმა მაინც თავის ქნა – გადაღლილი და ტრამვებით შესუსტებული ჩვენი გუნდის დაცვას ოთხჯერ უპოვეს სუსტი წერტილი და ანგარიშის სხვაობა სოლიდური გახადეს. ორჯერ ისევ რაქში შევცდით და მეტოქეს ადვილად გაქცევის საშუალება მივიცით. ინგლისი თუ გვიტევდა, ბევრი დარტყმითი ფაზის გაკეთების გარეშე ახერხებდა ლელოს შეტანას.
ჩვენი გუნდი კი ბევრს ცდილობდა, იყო რამოდენიმე კარგი შეტევა. ბურთი ისევ ინგლისის ნახევარზე უფრო ტრიალებდა, მაგრამ კიდევ ერთი ლელოს გასატანად ძალა აღარ გვყოფნიდა. სამწუხაროდ მეკომ კიდევ ორი ჯარიმა გააფუჭა, ერთი კარგ დასარტყმელ პოზიციიდან და ვერც ასე მოვიპოვეთ ქულები. შედეგ 10–41 მივიღეთ.
მთავარია ამ მატჩმა დაგვანახა, რომ ბობოლა ნაკრებებთანაც შეიძლება ბრძოლა და თუ სწორად განვაგრძეთ განვითარება, შეიძლება ის დროც მოვიდეს,როცა ასეთ ნაკრებებზე გასამარჯვებლადაც გავიწევთ.. მადლობა ბიჭებს თავდადებული თამაშისთვის, იმედია ტრამვები სერიოზული არ აღმოჩნდება, ხოლო მეკომ ეს შეხვედრა და მისი ხუთი გაფუჭებული ჯარიმა უნდა დაივიწყოს და შემდეგი თამაშისთვის მოემზადოს – ხდება ხოლმე, არ წაუვიდა დარტყმები.
შემდეგი შეხვედრა რუმინეთთან არის, ჩვენ ოდინდელ მეტოქესთან – დიდი ბრძოლა გველის. გამარჯვებაა საჭირო, ჩვენი ძალა რომ დავამტკიცოთ!
7 წლის შემდეგ
2004 წელი იყო, როცა გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა დინამომ ვისლას მოუგო და უეფას თასის ჯგუფური ეტაპისკენ გაიკვალა გზა.. მაშინ მეგობრები საუბრისას შევთანხმდით, რომ არსებული პრობლემების ფონზე ეს დიდი წარმატება იყო, როგორ შედეგსაც შეიძლება წლები გასულიყო და ვეღარ მოვსწრებოდით.
მართლა დიდმა დრომ ჩაიარა და აი დადგა მორიგი ევროპული სეზონი და ჩვენმა გუნდებმა სასიამოვნოდ გაგვაკვირვეს. გაგრამ დებიუტანტის კვალობაზე კარგი ფეხბურთი შემოგვთავაზა და საბოლოო ჯამში ბევრად სახელიან ანართოსისთან მხოლოდ 2–3 დამარცხდა.
იბრძოლა მეტალურგმა, ორი ეტაპი გაიარა თავის ტოლ–სწორ გუნდებთან ჭიდილში და მერე ფრანგულ რენთან რომ განადგურდა, ეს მოსალოდნელიც იყო. რამხელა სხვაობაა ფრანგულ და ქართულ ფეხბურთს შორის, ყველამ კარგად იცის.
და აგერ, დღეს ჩვენი ორი, ევროპულ ტურნირს შემორჩენილი გუნდი შეეცდება გაიმეოროს 2004 წელს ნაჩვენები შედეგი.
Metalurg – Banants 1:1
თამაში ისეთ დროს დაიწყო, ფეხბურთელებს კი არა, ცალმხარეს ჩრდილში მჯომ გულშემატკივარს უჭირდა სუნთქვა. მსაჯმა ორჯერ შეაჩერა თამაში და ფეხბურთელებს წყლით სულის მოთქმის საშუალება მისცა. ხოდა რა გასაკვირი, ჯერ ისედაც ორი უკლასო გუნდის თამაში, საერთოდ ვერაფერი სანახავი რომ გამოდგა.
მეტალურგს (ყოფილ ოლიმპს) პირველი შეხვედრის შემდეგ საკმაო ფორა ქონდა და თამაშიც უფრო ყოჩაღად დაიწყო. ჯერ ერთი ერთზე დარჩენილ გეწაძეს მართებდა გატანა, მერე კი მიქაბერიძემ იყოჩაღა, კარგად გაჭრა მეტოქის დაცვა და რიკოშეტით წასული ბურთი მეკარემ ძნელად კუთხურზე მოიგერია.
გოლი მაინც მალე გავიდა, მე–18 წუთი მიმდინარეობდა, მაისურაძემ დაკარგულ ბურთზე ბოლომდე იბრძოლა, რომელიც მიქაბერიძეს მიუგორდა და მანაც საშუალო დისტანციიდან აუღელვებლად გახსნა ანგარიში. თითქოს ყველა კითვა მოიხსნა, თუ ვინ გავიდოდა შემდეგ ეტაპზე. მეტი არც არაფერი მომხდარა პირველ ტაიმში საინტერესო.
დაიწყო მეორე ტაიმი და ნელნელა სომხებმა იძალეს, ჩვენებს დაღლა დაეტყოთ (შარშანდელი აქტობესთან თამაში გამახსენდა). 72–ე წუთზე კი მსაჯიც ცოტა წაეხმარა, როცა არც თუ 100% ჯარიმაზე თერთმეტმეტრიანისკენ გაიშვირა ხელი და ანგარიშიც გათანაბრდა.
ნერვიული ბოლო ოცი წუთი გველოდა, სომხებმა მალევე ხარიხას გაგვირტყეს ბურთი, გადავრჩით. მეტოქე ფლანგებიდან ბევრს გვიტევდა და ჩვენი დაღლილი გუნდი ბურთის მოგერიებაზე იყო გადასული.
ბოლო ბოლო 1–1 და შემდეგ ეტაპზე გავედით, სადაც რუსთაველებს მორიგი ყაზახური გუნდი ელის. აქამდე ორ ცდიდან ორჯერ ჩვენიანები უშანსოდ დამარცხდნენ აზიელებთან. ასეთი თამაშით კი ვფიქრობ უკეთესი ბედი არც ამჯერად გველის.
Dinamo Tbilisi – Milsami 2:0
ბოლო პერიოდია დინამოში დიდი ფული დატრიალდა, ბევრ სიახლეს ესპანეთიდან მოწვეული მწვრთნელ–ფეხბურთლები დაემატა და ამის ფონზე გუშინდელ მატჩს დიდი მოლოდინი ახლდა. სტადიონზე ასეთი დონის შეხვედრისთვის საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი მოვიდა. იქნებოდა ასე 12–13 ათასი კაცი.
დინამოს კარს ბოლო ხანს მშვენივრად ათამაშებული ლორია იცავდა. დაცვის ცენტრში უკვე სტაჟიანი დინამოელები კაკუბავა–თომაშვილი თამაშობდნენ, ხოლო ფლანგებზე დინამოში უკან მობრუნებული ოდიკაძე და ოლიმპიდან გადმოყვანილი რეხვიაშვილი იდგნენ. საყრდენის როლს კვეკვესკირი ასრულებდა, ცენტრი კი გამოცდილ კოშკაძეს ახალბედა ჯიღაური შეუწყვილდა. ეულ ფორვარდ ფანცხავას კი ფლანგებიდან რობერტიონიო–ლექვთაძის დუეტი ეშველებოდა.
თამაში ხეირიანად გახურებული არც იყო, ნაკუთხურალზე ბურთი კვეკვესკირმა რომ მოიხელთა და ათიოდე მეტრიდან კარში მიუჩინა ადგილი. უკეთეს დასაწყისს ვერც ინატრებდა კაცი. ამის შემდეგაც სიტუაციას თითქოს ჩვენი გუნდი აკონტროლებდა, მაგრამ რიგ მომენტებში უყურადღებო პასების გადამკიდე მეტოქეს სწრაფი კონტრიერიშის განხორციელების საშუალებას აძლევდა. ერთ მომენტში თომაშვილმა ლამის ბოლო იმედის ჯარიმა აიკიდა, თორემ მეთოქის თავდამსხმელი უკვე მეკარეს შეეჩეხებოდა ერთი–ერთზე. გადავრჩით, როცა რეფერიმ მხოლოდ ყვითელი უჩვენა ჩვენიანს.
ტაიმი ისე მიიწურა, რამოდენიმე ნახევარმომენტი შევქმენით, ეგ იყო და ეგ. გუნდს ეტყობდა უკეთესი თამაშის ჩვენების საშუალება ქონდა.
Croatia – Georgia 2:1
სპლიტურმა შეხვედრამ კარგად აჩვენა, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. გუნდს შეტევაში ძაან უჭირს. საკითხავია რამდენად გამოგვივა თამაში, უკვე პირველ ნომრად რომ მოგვიწევს მალტის და ლატვიის წინააღმდეგ მოედანზე გამოსვლა.
ქეცბაიამ ხორვატულ შეხვედრაში ექვსი(!) ნომინალური მცველი გამოიყვანა, გურამ კაშია და ხიზანიშვილი საყრდენად ათამაშა, ასევე არ დაგვავიწყდეს ჯაბა კანკავა, ვისაც ჩამშლელობა უფრო ეხერხება, ვიდრე შეტევაში რამის შექმნა. წინ ეული სირაძე იდგა, ვისაც ფლანგებიდან იაშვილი და კვირკველია უნდა მიშველებოდა.
რაღაც საოცრებით 17–ე წუთზე ანგარიში წავიყვანეთ და ამის შემდეგ ჩვენს კარებს მივეჯაჭვეთ. საოცრებები აკეთა ლორიამ. ამ ბიჭს ხშირად ვაკრიტიკებდი, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთი–ორი ისეთი ბურთი გამოაძრო, ბუფონსაც შეშურდებოდა მისი რეაქციის. ეს მისი კარიერაში უდავოდ საუკეთესო შეხვედრა იყო და სასწაულით რომ მოგვეგო, გამარჯვებაში ლომის წილი მისი იქნებოდა.
ველოდი, რომ ქეცბაია მეორე ტაიმში კვირკველია–იაშვილს, გურული–ანანიძის დუეტით ჩაანაცვლებდა. კანკავა იაშვილის ნაცვლად მარჯვენა ფლანგისკენ უკან დაიწევდა (იდეაში გამთამაშებლის პოზიციაზე იდგა თავიდან) და ბევრად ტექნიკურ ჯანოს დაუთმობდა ცენტრალურ ნაწილში ადგილს. გურული კი მარცხენა ფლანგიდან შეეცდებოდა ხორვატული დაცვა ოდნავ უფრო შეეწუხებინა.
ყრუ დაცვაში ჩამჯდრებს ბურთის წინ დაჭერა ჰაერივით გვჭირდებოდა, რომ დაცვას და მეკარეს ცოტა ამოესუნთქათ. მითუმეტეს ხორვატებს უამრავი მოთამაშე აკლდათ და ჩემი აზრით არ იყო ამ კონკრეტულ შეხვედრაში ევროპული სუპერ კლასის ნაკრების დონეზე.
Georgia – Croatia 1:0
ემოცია
შეხვედრა იწურებოდა მარცვალაძე საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს რომ მიწვდა, მცველი ჩამოიტოვა და თვალი უკვე კარის სიახლოვეს მარტო მდგომ კობიაშვილისკენ გამექცა – მართლაც მარცვალამ წამის მეათედიც და მას კარგად უპასა, გოლამდე ერთი ფეხის კარგად მოქნევაღა იყო დარჩენილი.
დარტყმა და ჩემთვის დრო გაჩერდა – რა მცირე ნაბიჯი რჩებოდა გამარჯვებამდე! კარში მდგომი ერთადერთი წინაღობა – მეკარეღა თუ არ მოგვცემდა საშუალებას გვეხილა ასე სიხარულის მომგვრელი გოლი.
მეკარე რეაქციით კუთხისკენ გადახტა, აქნეულ ხელზე ბურთი ცოტათი ასხლტა, კიდევ რამოდენიმე მეათასედი წამიც და… გოლია!!! გოლი!!! ბურთი ბადეში გაეხვა – არა არ მატყუებს თვალი, ეს ხომ გამარჯვების გოლია?!!!! ვეღარაფერს ვამჩნევდი, თავი უზომო სიხარულის და ემოციისგან ხელებში ჩავრგე სკამზე ჩამომჯდარმა და უნებურად წამოსული ცრემლები ჩამოვიწმინდე – სტადიონი ინგრეოდა ემოციისგან ამოხეთქილი ღრიალისგან..
ხორვატებთან მატჩის წინ
თბილისში დიდი ხანია მომავალი მატჩის წინ ასეთი მოლოდინი არ ყოფილა – მეტოქედ საკმაოდ ძლიერი ხორვატების ნაკრები გვყავს და მცირე სასწაული თუ მოვახდინეთ და სამი ქულა მივითვალეთ, რეალურს გავხდით შანს მოვხვდეთ ევრო 2012–ზე.
ყოველგვარი საფეხბურთო ლოგიკით გამარჯვების მეტი შანსი ხორვატებს აქვთ. მაგრამ ეს ფეხბურთია, სადაც ყველაფერი ხდება და როდესღაც ხომ შეიძლება ისეთ მატჩში მოვახდინოთ სასწაული, რომლის შედეგიც ბევრს წყვეტს (აქამდე ჩვენს მიერ გამომცხვარი სენსაციები ჩვენი ნაკრებისთვის არსებითად არაფერს ცვლიდა). მითუმეტეს რომ გუნდი ქეცბაიას ხელში ცოტა მოფერიანდა და ბოლო წელია შედეგს აჩვენებს.
გადავერთო ზოგად ამბებზე. ხორვატული მედიის ერთ–ერთი წარმომადგენელი სტუმრობს ჩემს მეგობრის ჰოსტელს – გუშინ პატივი მქონდა გამეცნო ეს იაპონელი პიროვნება. დიახ, იაპონელი კაცი ხორვატული ფეხბურთის დიდი ქომაგია და დაყვება ყველგან, სადაც გუნდი თამაშობს.
ნიკა ძალამიძე
გუშინ ნიკა ძალამიძემ რიგით მეორე თამაში ჩაატარა პოლონეთის რანგით უმაღლეს ლიგაში მოთამაშე ლოძის “ვიძევში”. პირველი შეხვედრისგან განსხვავებით მან მატჩი ძირითადში დაიწყო და ალბათ ადგილიც ამ შეხვედრის შემდეგ იქ დიდი ხნით დაიბევა.
პირველი ტაიმის ნახევარი იყო გასული, ნიკამ პარტნიორისგან გრძელი პასი მიიღო – ბურთი ერთი შეხებით მიწაზე კოხტად დაუშვა და ისე რომ ბევრი აღარც უფიქრია, მეორე შეხებაზე მეტოქის წინ გამოსულ მეკარეს ზურგსუკან გადაუკიდა და თავის სადებიუტო გოლიც გაიტანა, თან როგორი გოლი!!
მისი კარგი თამაშის ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. მას მალევე შეეძლო პარტნიორისთვის საგოლედ ეპასა, როცა საჯარიმოში მეტოქე ტექნიკურად “ჩატეხა”, მაგრამ ბოლო წამს დაზღვევაზე მყოფ მცველმა ჩაუჭრა კარის გასწვრივ გაკეთებული მოკლე პასი.
Read the rest of this entry »
Arm – Geo 1:2
მიმდინარე წელს ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა პირველი შეხვედრა ჩაატარა. კვიპროსზე ნეიტრალურ მოედანზე ჩვენს მეზობელ სომხებს დავუპირისპირდით და 2:1 მოვუგეთ.
თემურ ქეცბაიას თითქმის ოპტიმალური შემადგენლობა ყავდა გამოძახებული, მარტში ხორვატებს ვეთამაშებით და ეს შეხვედრაც ბოლო რეპეტიცია იყო.
დაცვის ცენტრში ხუბუტია–კალაძის წყვილი დადგა, ფლანგებზე სალუქვაძე და კობიაშვილი ( ბოლო წლებში პირველად კობი დაცვაში იყო დაწეული ). საყრდენის როლს დაუშვილი–ხიზანიშვილი ასრულებდა, ნახევარდაცვის ფლანგებზე გოგუა–იაშვილი. წინ შეტევაში სირაძე იდგა, ვისაც შედარებით მოედნის სიღრმიდან ანანიძე ეხმარებოდა.
Read the rest of this entry »